AS: მუნდიალის შემდეგ კარიერას დაასრულებს - მოდრიჩს მოტივაცია აღარ აქვს
ლუკა მოდრიჩი და ხორვატია მსოფლიო ჩემპიონატებზე ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობენ. ოთხი წლის შემდეგ ისტორია კვლავ მეორდება და ხორვატიის ნაკრები კიდევ ერთხელ ერთ-ერთ ყველაზე ანგარიშგასაწევ გუნდად მიიჩნევა, რომლის ლიდერიც და კაპიტანიც კვლავ მოდრიჩია.
რამდენიმე დღეში ვეტერანი ნახევარმცველის კონტრაქტი მილანთან იწურება და გავრცელებული ინფორმაციით, ის პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის დასრულებას გეგმავს.
იტალიურ კლუბში სეზონი ისე არ დასრულდა, როგორც თავად სურდა, ამიტომ, თუ მოულოდნელი ცვლილება არ მოხდება, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი შესაძლოა მისი კარიერის ბოლო დიდი ტურნირი და ბოლო საფეხბურთო „მასტერკლასი“ აღმოჩნდეს.
ბოლო კვირებში მოდრიჩს რამდენიმე შეთავაზება ჰქონდა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, მას უმაღლეს დონეზე თამაშის გაგრძელებისთვის საკმარისი მოტივაცია აღარ აქვს.
ბევრი მიიჩნევს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი იდეალური მომენტი იქნება მისი კარიერის დასასრულებლად, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას თავად ფეხბურთელი მიიღებს.
ამასთან, გავრცელებული ცნობებით, როსონერისაც ამ ეტაპზე ლუკას მომავალთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმები არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ხორვატი ფეხბურთელი მილანს გასული წლის ზაფხულში შეუერთდა. თავდაპირველად, როსონერიმ სეზონი კარგად დაიწყო და ჩემპიონობისთვის იბრძოდა, თუმცა შემდეგ მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა გახდა.
გასულ თვეში, იტალიურმა გამოცემებმა დაწერეს, რომ მოდრიჩის კიდევ 1 სეზონით დარჩენა ჩემპიონთა ლიგაზე იყო დამოკიდებული. მილანი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ვერ გავიდა და მეტიც, დაკავებული თანამდებობიდან ალეგრი გაათავისუფლეს, რომელთანაც ლუკას შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა.