''რეალში'' თამაში შესანიშნავი იყო'' - პორტუგალიელი ''სამეფო კლუბს'' ტოვებს?
მადრიდის ''რეალის'' პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეხუთედ გაიმარჯვა. კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ''ლივერპულთან'' მიღწეული გამარჯვების შემდეგ რონალდუ Bein Sports ესაუბრა.
''უახლოეს პერიოდში მადრიდის ''რეალის'' გულშემატკივრებს მივმართავ. ახლა დასვენების დროა, შემდეგ შევუერთდები პორტუგალიის ეროვნულ გუნდს და გავაკეთებ განცხადებას უახლოეს რამდენიმე კვირაში. ''რეალში'' გატარებული პერიოდი შესანიშნავი იყო. ჩვენ შევქმენით ისტორია'' - აღნიშნა პორტუგალიელმა.
ჟურნალისტის კითხვას ''რეალთან'' დაკავშირებით რატომ ისაუბრა წარსულ დროში, რონალდუმ შემდეგი პასუხი გასცდა: '' ვფიქრობ დღეს ეს არ არის მნიშვნელოვანი. გამარჯვებით ვტკბებით და ''რეალის'' ნებისმიერი მოთამაშის მომავალი დღეს უმნიშვნელოა. ვნახოთ რა მოხდება მომავალში.''
2017-18 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი რონალდუ 15 გოლით გახდა, თუმცა მას ფინალში გოლი არ გაუტანია. ჟურნალისტის კითხვას ხომ არ იყო იმედგაცრუებული იმ ფაქტით, რომ ფინალში გოლი ვერ გაიტანა, რონალდუმ შემდეგი პასუხი გასცა: ''იმედგაცრუება? შესაძლოა ტურნირის ორგანიზატორებმა გათამაშებას სახელის შეუცვალონ და მას დაარქვან CR7 ჩემპიონთა ლიგა. შესაძლოა სახელის შეცვლის საჭიროება გაჩნდეს. ვინ მოიგო ყველაზე მეტჯერ ჩემპიონთა ლიგა? ვინ გაიტანა ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე?''

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის 2017-18 წლების სეზონის გათამაშების ფინალში მადრიდის ''რეალმა'' კიევის ოლიმპიურ სტადიონზე 3:1 დაამარცხა ''ლივერპული.'' ზინედი ზიდანის გუნდმა ზედიზედ მესამედ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი.
1992 წლიდან მოყოლებული ჩემპიონთა ლიგის გათამაშება იმართება. რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ხუთჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მან პირველად ''მანჩესტერ იუნაიტედთან'' ერთად 2008 წელს მოიგო აღნიშნული გათამაშება. 2009 წლიდან ''რეალის'' ფეხბურთელია და ''სამეფო კლუბთან'' ერთად ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებულია. ასევე რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 120 გოლი გაიტანა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.