„ბარსელონა არ იყიდის“ - ატლეტიკო ალვარესის განცხადებას გამოეხმაურა
მადრიდის „ატლეტიკოში“ ხულიან ალვარესის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელმაც საჯაროდ სთხოვა თავის გუნდს მისი ტრანსფერზე დაყენება.
„ატლეტიკოში“ განაცხადეს, რომ აპირებენ „ბარსელონა“ სპორტული მართლმსაჯულების წინაშე წარადგინონ არგენტინელთან მოლაპარაკებების გამო, მიუხედავად იმისა, რომ მას 2030 წლამდე მოქმედი კონტრაქტი აქვს.
„წარსულში ჩვენ უკვე ვნახეთ, თუ როგორ მუშაობს „ბარსელონა“. მაგალითად, როდესაც „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის „იუვენტუსთან“ ემზადებოდა, „ბარსა“ გრიზმანის დას, მის ოჯახსა და თავად მოთამაშეს საკომისიოს დაჰპირდა. არ არსებობს ისეთი თანხა, რომლითაც „ბარსელონა“ ხულიანის შეძენას შეძლებდა. ის „ბარსელონაში“ არ გაიყიდება. ან გადაიხადეთ გამოსასყიდი თანხა (500 მლნ ევრო), ან არაფერი გამოვა. ყველამ იცის, რომ ნეგრეირას საქმისა და სხვა გუნდების ფეხბურთელებთან დაკავშირებული გარიგებების გამო, ეს თაღლითური კლუბია. თუმცა, ახლა ისინი ისეთ კლუბს გადააწყდნენ, რომელიც საკუთარ თავზე დაცინვის უფლებას არავის მისცემს“, — განუცხადეს „ატლეტიკოში“ გამოცემა AS-ს.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფორვარდმა გასულ სეზონში „ატლეტიკოს“ შემადგენლობაში 52 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ფეხბურთელის მიმართ „ბარსელონას“, „რეალის“, „არსენალისა“ და სხვა ევროპული კლუბების ინტერესის შესახებ.
ამჟამად ალვარესი არგენტინის ნაკრების განკარგულებაშია 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც გუნდი პლეი-ოფში გავიდა. მომდევნო თამაშს არგენტინელები 28 ივნისს, იორდანიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავენ.