ფედე ვალვერდე, ალექს ბაენა
Aa
Aa

მეუღლის შეურაცხყოფა და ჩხუბი ავტოსადგომთან - ბაენა მუნდიალის შემდეგ ყველაფერს იტყვის

თბილისის დროით ხვალ, გამთენიისას, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ურუგვაი-ესპანეთის მატჩი გაიმართება, რომელსაც წინ უდიდესი ინტრიგა ახლავს, რადგან არც სამხრეთ ამერიკელებს და არც ევროპელებს 1/16-ფინალის საგზური განაღდებული არ აქვთ. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი გარემოება, რაც ამ თამაშს გულშემატკივრების ყურადღების ქვეშ კიდევ უფრო მეტად აქცევს და ეს ალექს ბაენასა და ფედე ვალვერდეს შორის არსებული კონფლიქტია.

ვინც მაშინდელი დაპირისპირების დეტალები არ იცის, გეტყვით, რომ 2023 წელს „რეალი“ – „ვილიარეალის“ მატჩის დასრულების შემდეგ, „სანტიაგო ბერნაბეუს“ ავტოსადგომთან ბაენას ვალვერდე დახვდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ესპანელმა ურუგვაელის წინააღმდეგ პოლიციაში საჩივარი შეიტანა. როგორც ამბობენ, ფედეს გაბრაზების მიზეზი ალექსის საქციელი გახლდათ, რომელიც მატჩის მიმდინარეობისას, ურუგვაელს ეუბნებოდა, რომ მის ფეხმძიმე მეუღლეს მუცელი მოეშლებოდა, რაზეც სათანადო პასუხი მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო. რაც შეეხება საჩივარს, სასამართლომ ბაენა გაამტყუნა და ვალვერდეც არავის დაუსჯია. მაშინდელი მოვლენები ესპანელმა ნახევარმცველმა ახლა გაიხსენა.

ალექს ბაენა

პირადად ჩემთვის ეს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი გახლდათ. მომენტი, რის გამოც კინაღამ ფეხბურთი სამუდამოდ მივატოვე, რადგან საშინელებები ხდებოდა. ჩემი ოჯახის მიმართ გამოჩენილმა აგრესიამ შემაშინა და გონს მხოლოდ მაშინ მოვეგე, როდესაც ლუის დე ლა ფუენტემ ესპანეთის ნაკრებში გამომიძახა.

ტელევიზორი ჩავრთე და ყველგან ჩემი კადრი ვრცელდებოდა. იმის გამო კი არა, რომ რაიმე განსაკუთრებულს მივაღწიე, არამედ იმიტომ, რომ „რეალის“ ფეხბურთელთან მომივიდა კონფლიქტი და ყურადღების ცენტრშიც ამის გამო მოვხვდი. ჩემი ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, რისი გადატანაც ძალიან გამიჭირდა.

ვალვერდეს მიმართ ადრე წყენას ვინახავდი, მაგრამ ახლა ჭკუა ვისწავლე და ყველაფერი ვაპატიე. საერთოდ არ ვნერვიულობ მის წინააღმდეგ რომ უნდა ვითამაშო. პირიქით, მგონი ის უფრო ნერვიულობს, ისე კი ერთმანეთს მას შემდეგ ხელს ყოველთვის ვართმევთ. არ ვიცი, ფედე ნაწყენია თუ არა. ვიცი, გაინტერესებთ, რატომ ვეუბნებოდი თამაშის დროს მას რასაც ვეუბნებოდი და გპირდებით, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ამის შესახებ დეტალურად ვისაუბრებ.

ალექს ბაენას მომხდარის შესახებ საუბარი და ახსნა-განმარტებების გაკეთება აუცილებლად მოუწევს, რადგან კონფლიქტი აშკარად მისი პროვოცირებულია და თანაც, ვალვერდესთვის ისეთი სიტყვები აქვს ნათქვამი, რომლის მოთმენაც ნებისმიერისთვის უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჰოლანდი მომაკვდინებელია, თუმცა გუნდს მასზე თამაში უწევს, მე კეინი მირჩევნია
„ჰოლანდი მომაკვდინებელია, თუმცა გუნდს მასზე თამაში უწევს, მე კეინი მირჩევნია