„ეს მსოფლიო ნამდვილი კატასტროფაა“ | ტარემი FIFA-ს აკრიტიკებს
ირანის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, მეჰდი ტარემიმ, FIFA და მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორები გააკრიტიკა. ეგვიპტესთან მატჩის შემდეგ ტარემიმ მუნდიალს კატასტროფა უწოდა და ირანელთა პრობლემებზე ისაუბრა.
„ეს კატასტროფული მსოფლიო ჩემპიონატია — ნამდვილი კატასტროფაა. FIFA-ს ჩვენი ყველა პრობლემა უნდა გადაეჭრა, მაგრამ, სამწუხაროდ, ტურნირის დაწყების პირველივე დღიდან ვერაფერი მოაგვარეს. ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ ბატონი ინფანტინო ჩვენს გასახდელში შემოვიდა და გვითხრა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, მაგრამ ჯგუფური ეტაპი ხვალ სრულდება...
ირანის ნაკრები ლოჯისტიკაზე პასუხისმგებელი ადამიანების გარეშეა — მათ ვიზა ვერ მიიღეს. როგორ შეიძლება, რომ ყოველთვის ტიხუანადან გვიწევდეს მგზავრობა? მექსიკელები და ტიხუანაში მცხოვრები ადამიანები გვიყვარს — ისინი თავმდაბალი ხალხი არიან, მაგრამ პროფესიონალი ფეხბურთელისთვის, რომელიც პროფესიონალურ ტურნირზე ასპარეზობს, ეს არასწორია.
ეს უსამართლობაა. ჩვენი აზრით, ეს უსამართლობაა. FIFA-სთვის სამართლიანია? იყოს ასე, მაგრამ ჩვენთვის ნამდვილი უსამართლობაა. ვინ უნდა დაგვეხმაროს? თუ უნდათ, რომ ჯგუფური ეტაპიდან გავვარდეთ, მაშინ კი ბატონო, სახლში წავალთ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ნამდვილი უსამართლობაა.
ნაკრებთან ერთად არ არიან ადამიანები, რომლებიც ფეხბურთელების რეაბილიტაციასა და აღდგენაზე არიან პასუხისმგებელი; არ არის ლოჯისტიკის დეპარტამენტი. ამ თემებზე მუდამ ვჩივით, მაგრამ არავინ გვეხმარება, არავინ! ჩვენ აქ აბსოლუტურად ყველაფრის წინააღმდეგ გვიწევს ბრძოლა. არ ვიცი, რა უნდათ ამ ადამიანებს. ჩვენი გადმოსახედიდან — დიახ, ჩემი აზრით — მათ არ მოსწონთ, რომ აქ ვართ. აბა, როგორაა შესაძლებელი, რომ 90 წუთი ვითამაშოთ და მერე უკან, ისევ ტიხუანაში მოგვიწიოს დაბრუნება“.
ცნობისთვის, ირანმა ჯგუფური ეტაპი სამი ქულით დაასრულა და მესამე ადგილი დაიკავა. Opta-ს მიხედვით, ირანის გასვლის ალბათობა 86.23 პროცენტია და მათი სავარაუდო მეტოქე შვეიცარია გახლავთ.