„მებრძოლე, დამამარცხე და ციხიდან გახვალ“ - ანკალაევმა კოსტას მიმართა
UFC-ის ბევრი სხვა დივიზიონისგან განსხვავებით, ქვემძიმე წონაში სრული გაურკვევლობა და ქაოსია. მოქმედი ჩემპიონი კარლოს ულბერგი მუხლის მძიმე ტრავმას მკურნალობს, პირველი ნომერი ალექს პერეირა კი მძიმე წონაშია ასული და იქ ცდილობს პოზიციების განმტკიცებას, რის გამოც ორგანიზაციის ხელმძღვანელებს დროებითი ჩემპიონის გამოსავლენი ჩხუბის ჩანიშვნაც ძალიან უჭირთ. ბოლო პერიოდში ოქტაგონში ყველაზე მეტად დაბრუნებას პაულო კოსტა ითხოვს, რომელსაც ჩხუბის გამართვა კიდევ ერთხელ მაგომედ ანკალაევმა შესთავაზა და ორივე ამ მებრძოლის კომენტარი საინტერესო აღმოჩნდა.
პაულო კოსტა
სრული აბსურდი ხდება - ჰანტერ კემპბელი ჩემგან მხოლოდ და მხოლოდ ხუთრაუნდიანი ბრძოლის ჩატარებას ითხოვს და თან მემუქრებასავით, რომ თუ არ დავთანხმდები, ჩემთან ჩხუბს 2027 წლამდე არც ერთი მებრძოლი არ მოისურვებს. მიუხედავად ამისა, არ ვაპირებ ხუთი რაუნდი ვიჩხუბო იგივე ჰონორარის სანაცვლოდ, რამდენსაც სამრაუნდიანი ბრძოლის გამართვაში ვიღებ.
მაგომედ ანკალაევი
პაულო, მოდი ვიჩხუბოთ, დამამარცხე, გახდი თავისუფალი აგენტი და გამოიმუშავე მილიონები. თუ მოგიგებ, რასაც ყველა ელოდება, შენ მაინც არაფერს კარგავ, ხოლო თუ შენ გაიმარჯვე, ძალიან ბევრ სარგებელს მიიღებ. ერთი რამ იცოდე, ციხიდან შენი გასასვლელი გზა ჩემთან ბრძოლაზე გადის.
ცნობისათვის, პაულო კოსტა ბოლოს აზამატ მურზაყანოვს დაუპირისპირდა და გამოცდილი მეტოქე ნოკაუტში გაგზავნა. რაც შეეხება მაგომედ ანკალაევს, ხუთრაუნდიანი ბრძოლის მეხუთე რაუნდში ბოგდან გუსკოვი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. აქვე გეტყვით, რომ კოსტასთან დაკავშირებით შექმნილ აჟიოტაჟზე პირველი კომენტარი დენა უაითმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ბრაზილიელს ბრძოლა შესთავაზეს, რაზეც უარი მან თავად განაცხადა.