„ნამდვილი ცხოველია, მისგან წარმატებას ველი“ - პრატესი ამოსოვზე
UFC-ის მსუბუქი წონიდან ისლამ მახაჩევის ქვესაშუალოში ასვლის შემდეგ, შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები ხშირად სვამენ შეკითხვას, რომელ მებრძოლს შეუძლია დაღესტნელი ჩემპიონისთვის განსაკუთრებული პრობლემების შექმნა. რეიტინგიდან გამომდინარე ამის ყველაზე კარგი შანსი კარლოს პრატესსა და მაიკლ მორალესს აქვთ, თუმცა ბევრი ასახელებს იაროსლავ ამოსოვსაც, რომელიც მახაჩევის მსგავსად, უმაღლესი დონის სამბისტია და სტილისტურად დივიზიონის ჩემპიონისთვის მართლაც უხერხული მეტოქე უნდა იყოს. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება პრატესმაც, რომელმაც უკრაინელ მებრძოლზე დეტალურად ისაუბრა.
კარლოს პრატესი
იაროსლავ ამოსოვი უმაღლესი დონის მებრძოლია და UFC-ში რომ დიდ წარმატებებს მიაღწევს, ამის ბოლომდე მჯერა. არ ვიცი თავად ახსოვს თუ არა, მაგრამ ადრე სანამ Bellator-ის ჩემპიონი გახდებოდა, მასთან ერთ დარბაზში ვვარჯიშობდი. როდესაც თეიქდაუნებს ასრულებს, უბრალოდ ცხოველს ემსგავსება, მისი შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. ახლა ვსაუბრობ მებრძოლზე, რომელიც TOP 10-შიც კი არ არის და სწორედ ამიტომ არის ქვესაშუალო დივიზიონი ყველაზე რთული.
შეგახსენებთ, რომ კარლოს პრატესი ისლამ მახაჩევთან შესახვედრად ემზადება. მართალია ჯერჯერობით მათი ბრძოლა ჩანიშნული არ არის, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით დაღესტნელს მომდევნო საჩემპიონო დაცვა სწორედ მასთან მოუწევს. რაც შეეხება იაროსლავ ამოსოვს, კარიერის მანძილზე ჩატარებული 31 ბრძოლიდან 30 მოიგო და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ბოლოს ოქტაგონში 33 წლის უკრაინელი 2026 წლის 9 მაისს შევიდა და იოელ ალვარესი საბმიშენით დაამარცხა.