ფენომენალური შედეგის ფონზე - იემელიანოვი მსოფლიოს ჩემპიონია
სერჰი იემელიანოვი ბოლო პერიოდში ქართულ ნიჩბოსნობას წარმატებებით ანებივრებს და გამონაკლისს არც პოლონეთის ქალაქ პოზნანში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი წარმოადგენდა, სადაც საერთო ჯამში სხვადასხვა ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა, საქართველოს სახელით კი ფინალურ ეტაპზე გადასვლა სამმა ნიჩბოსანმა მოახერხა.
ნახევარფინალურ ეტაპზე იემელიანოვმა პარაკაიაკით 200-მეტრიანი დისტანცია 40.54 წამში დაფარა და ფინალურ ეტაპზე სრულიად დამსახურებულად გავიდა. გადამწყვეტ გაცურვაში ზედმეტი ფსიქოლოგიური წნეხისა და ემოციების ფონზე, თითქოს ყველაფერი გაცილებით უფრო რთული უნდა ყოფილიყო, თუმცა სერჰიმ კონკურენტებს შანსი არ დაუტოვა, მოცემული დისტანცია კიდევ უფრო ნაკლებ დროში, 39.82 წამში დაფარა და მსოფლიოს ჩემპიონი ფენომენალური მაჩვენებლების ფონზე გახდა.
ცნობისათვის, მსოფლიოს ჩემპიონატზე ასევე იასპარეზეს ალექსანდრე წივწივაძემ და ბადრი ყაველაშვილმა. წივწივაძემ კანოეთი 200-მეტრიანი დისტანცია ფინალში 42.06 წამში დაფარა და მეშვიდე ადგილზე გავიდა, ხოლო ყაველაშვილმა კაიაკით 200-მეტრიანი მანძილის გაცურვას 35.51 წამი მოანდომა და მერვე პოზიცია დაიკავა.