„თაღლითურად მებრძოდა და დინმა ყურადღება არ მიაქცია“ - ერნანდესის პრეტენზიები
რამდენიმე დღის წინ საკრამენტოში გამართული UFC-ის მორიგი ღონისძიების მთავარი ბრძოლა საშუალო წონით დივიზიონში ენტონი ერნანდესსა და გრეგორი როდრიგესს შორის შედგა, სადაც ამ უკანასკნელმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ვერდიქტის გამოცხადების დროს, ერნანდესმა მოწინააღმდეგის პატივისცემის ნიშნად ტაში დაუკრა, თუმცა მოგვიანებით სულ სხვა პათოსის კომენტარი გააკეთა და როდრიგესი არასპორტულ ქმედებებში ღიად დაადანაშაულა.
ენტონი ერნანდესი
რაც უფრო მეტად ვხედავდი, რომ ის ტემპს ანელებდა, მით ხშირად ვფიქრობდი იმაზე, რომ კარგია, ამ რაუნდში დავასრულებ. რამდენიმე ძლიერი დარტყმა გავუტარე, იდაყვებითაც დავაზიანე, მაგრამ გამძლე ნაძირალა აღმოჩნდა. დიახ ნაძირალა, რადგან ხელთათმანს შიგნით ხელით ოთხჯერ დამქაჩა, რაზეც არბიტრს ჰერბ დინს ვუთხარი, თუმცა მან არ დამიჯერა და მითხრა, საუბარი შემეწყვიტა. ალბათ, სუფთად მეც არ უნდა მებრძოლა, ჭუჭყიანი მებრძოლი უნდა ვიყო, რომ შედეგს მივაღწიო.
დაფიქსირებულ შედეგს მთლიანად ამას არ ვაბრალებ. მეც დავუშვი რამდენიმე შეცდომა, მაგრამ დასაწყისშივე ფეხი დავიზიანე, რის გამოც ბევრი რამის გადაწყობა მომიწია. ისიც უნდა ვაღიარო, რომ გრეგორი კერკეტი კაკალია, რომელიც ძლიერად ურტყამს და ბევრი მოწინააღმდეგე დაუძინებია. ჩემი ტაქტიკა ასეთია - მუდამ წინ მივდივარ, შესაძლოა ამის გამო ახლა არცთუ კარგ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ მიყვარს სირთულეების დაძლევა.
ცნობისათვის, ენტონი ერნანდესთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ გრეგორი როდრიგესმა ხამზატ ჩიმაევთან, ან დრიკუს დუ პლესისთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა. რაც შეეხება „ფლაპს“, მისთვის ეს ზედიზედ მეორე მარცხი გახლდათ, რადგან როდრიგესთან წაგებამდე, ტექნიკური ნოკაუტით შონ სტრიკლენდმა ჯერ კიდევ იქამდე მოუგო, სანამ ჩიმაევს საჩემპიონო ქამარს წაართმევდა. იმ შემთხვევაში, თუ ერნანდესის პრეტენზიები როდრიგესის არასპორტული მეთოდებით ბრძოლასთან დაკავშირებით სამართლიანი აღმოჩნდა, ეს ჰერბ დინის სამსაჯო კარიერაში კიდევ ერთი შავი ლაქა იქნება და მის რეპუტაციას კიდევ უფრო დიდი ზიანი მიადგება.