„ამ შემთხვევაში დვალიშვილის რეკორდს მოვხსნი“ - ჰოკიტი ასპინალის გაძევებას ითხოვს
ჯოშ ჰოკიტი საკუთარ საქმეს ჯერჯერობით როგორც ოქტაგონში, ასევე მის მიღმა იდეალურად ასრულებს. ყველამ კარგად იცის, რომ UFC-ის ხელმძღვანელები უზომოდ აფასებენ ისეთ სპორტსმენებს, რომლებიც გარდა თავისი საბრძოლო თვისებებისა, ხმაურიანი განცხადებების გაკეთებითაც გამოირჩევიან. ჰოკიტი ამჯერადაც ასე მოიქცა და თავის სამომავლო გეგმებზე საუბრისას, მერაბ დვალიშვილიც ახსენა.
ჯოშ ჰოკიტი
ტომ ასპინალს თითის შეხებით თვალი დაუზიანდა და ახლა განაწყენებულია იმის გამო, რომ მისი არავის არ სჯერა. გამაგებინეთ, რა სისულელეებში ვკარგავთ დროს? წაართვით ამ თაღლით ასპინალს ქამარი, ან საერთოდ გააძევეთ ორგანიზაციიდან. მე ვარ მებრძოლი, რომელსაც ათი ბრძოლიდან ათივე მოგებული აქვს, დივიზიონში მეექვსე ადგილზეა. მომეცით სირილ განთან საჩემპიონო ჩხუბი 2026 წელს და დამიჯერეთ, 2027-ში ტიტულის დაცვის რაოდენობით მერაბ დვალიშვილის რეკორდს მოვხსნი.
მძიმე წონით დივიზიონს სჭირდება ჩემპიონი, რომელიც ბრძოლებს მოიგებს და არა საავადმყოფოს მუდმივი პაციენტი. ვინმეს შეიძლება ეგონოს, რომ განის გამოწვევით ალექს პერეირასთან ბრძოლის თავიდან აცილება მინდა, მაგრამ რატომ დავამცირო „პო ატანი“ ახლა, როდესაც განთან განადგურებიდან სულ მცირე დროა გასული? მოდით ჯერ დროებით ჩემპიონს მოვუგებ და ბრაზილიელს ამის შემდეგ დავუბრუნდები.
თუ ჩემსა და პერეირას შორის ბრძოლა მაინც უნდა შედგეს, მოდით ეს BMF-ის ქამრისთვის იყოს და მერწმუნეთ, მე მას მოვკლავ. თუმცა, მოდით ჯერ ალექსს მივცეთ დრო საიმისოდ, რომ მძიმე წონაში ყოფნის რითმს შეეგუოს, რათა ჩვენ დაპირისპირებას მცირედი ინტრიგა მაინც ჰქონდეს. მის სულელ ბრაზილიელ მწვრთნელებს ჰგონიათ, რომ ადვილად მომიგებს, მაგრამ დამიჯერეთ, ყველაფერი საპირისპიროდ მოხდება.
შეგახსენებთ, რომ ჯოშ ჰოკიტმა ბოლო ბრძოლა თეთრი სახლის ღონისძიებაზე გამართა და დერეკ ლუისი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. ათი ბრძოლიდან მან ექვსი ნოკაუტით, სამი საბმიშენით, ერთი კი მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ექვს შემთხვევაში ჯოშმა მეტოქე პირველ რაუნდში დააფინიშა.