„პატარა ადამიანები ხართ“ | დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვს უპასუხა
მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. „მანქანამ“ უმარ ნურმაგომედოვს უპასუხა, რომელმაც რამდენიმე საათის წინ RAF Georgia-ს პრესკონფერენციაზე მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მერაბისნაირად თავად არასდროს მოიქცეოდა.
„უმარი და სხვა პატარა ადამიანები ჩემზე ბინძურად საუბარს განაგრძობენ. თქვენ, ალბათ, ცხოვრებაზე აბსოლუტურად არაფერი იცით, მაგრამ მე კაცი ვარ და როცა ჩემთან მოხვალთ, გვერდზე გამიყვანთ, უპატივცემულობას გამოიჩენთ, სხვადასხვა ენაზე ხმამაღალ საუბარს დამიწყებთ, სახეში მოგხვდებათ, რადგან ასე გავიზარდე, ეს ჩემი კულტურაა და ასეთი ადამიანი ვარ.
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, აშშ-ში ვიმყოფები, მექსიკაში, ავსტრალიაში თუ საქართველოში. თუ ცუდი განზრახვებით მომიახლოვდებით, ცუდი განზრახვებით დაგხვდებით. საქართველოში მომხდარი ამ ინციდენტის შემდეგ გავაანალიზე, რომ ყველა თინეიჯერს და ყველა თბილისელ ბავშვს მათთან ჩხუბი უნდოდა. ყველა ჩემს მეგობარს ჩხუბი უნდოდა და შეიძლებოდა, ძალიან ცუდი რამ მომხდარიყო.
მოდით დავუშვათ: 200 სტუმარი სხვადასხვა ქვეყნიდან და საქართველოში მცხოვრები 3-4 მილიონი ადამიანი... ქუჩაში 50 000 ბავშვი რომც დახვედროდათ, არ გაგვიჭირდება წარმოვიდგინოთ, რა შეიძლება მომხდარიყო... სწორედ ამიტომ, ვიპოვე ბიჭი, რომელთანაც ინციდენტი მომივიდა, და ხელი ჩამოვართვი. ამით ყველაფერი დასრულდა და პრობლემები აღარ გვაქვს. თუმცა თქვენ, პატარა ადამიანები, ლაპარაკს განაგრძობთ, ცდილობთ პროვოკაციები მოაწყოთ და ბინძურად ისაუბროთ. თქვენ იქ არ ყოფილხართ, არ იცით, რა მოხდა და სჯობს, ეს სულელური საუბრები შეწყვიტოთ. თქვენ პატარა ადამიანები ხართ და ცხოვრება უნდა ისწავლოთ.
ცხოვრება მაგარია! იმედი მაქვს, პიოტრ იანი კონტრაქტს ხელს მოაწერს. UFC-ისგან ბრძოლის გამოცხადებას ველოდები და ორგანიზაციაში იციან, რომ მზად ვარ. იმედია, ტრილოგია მალე შედგება, თუმცა თუ ეს არ გამოვიდა და მოცდა მომიწია, მოთმინებას გამოვიჩენ“.
ცნობისთვის, პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დვალიშვილისა და იანის მესამე ორთაბრძოლა ოქტომბერში გაიმართება. ღონისძიებას არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი, აბუ-დაბი უმასპინძლებს და მას 24 ოქტომბერს ვიხილავთ.
რაც შეეხება უმარის განცხადებას, ნურმაგომედოვმა აღნიშნა, რომ დვალიშვილი არასწორად მოიქცა და ადამიანებს, რომლებიც მას იცავენ, რაღაც რიგზე ვერ აქვთ. უმარის თქმით, აუცილებელია არასწორ ქმედებებს არასწორი ქმედებები ვუწოდოთ.