„არასწორი ქმედება იყო, მე ასე არასდროს მოვიქცევი“ | უმარმა მერაბზე ისაუბრა
უმარ ნურმაგომედოვმა იმ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ისაუბრა, რომელიც RAF Georgia-ს პრესკონფერენციის შემდეგ მერაბ დვალიშვილსა და ახმედ გაჯიმაგომედოვს შორის მოხდა. ნურმაგომედოვმა აღნიშნა, რომ დვალიშვილის მსგავსად არასდროს მოიქცეოდა და დაღესტანში ჩასულ ქართველს ფიზიკურ შეურაცხყოფას არ მიაყენებდა.
„მერაბს მოუწევს ამასთან ერთად იცხოვროს. წარმოგიდგენიათ, რომ დაღესტანში ჩემთან ქართველი მოვიდეს, მითხრას, მერაბზე ნუ ლაპარაკობო და მას მოულოდნელად დავარტყა და ჩემს მშობლიურ ენაზე შეურაცხყოფა მივაყენო? პირადად ჩემთვის ეს წარმოუდგენელია, ამას არასდროს გავაკეთებ.
მას მოუწევს, ამასთან ერთად ცხოვრება გააგრძელოს. ადამიანებს, რომლებიც მას იცავენ, რაღაც რიგზე ნამდვილად არ აქვთ. აუცილებელია, არასწორ ქმედებებს არასწორი ქმედებები ვუწოდოთ. სულერთია, ვისი ქმედება იქნება.
ახმედი მასთან მივიდა და ჰკითხა: „რატომ ლაპარაკობ ადამიანზე, რომელიც აქ არ არის?“ დვალიშვილისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, არც უხეშად მიუმართავს და არც უპატივცემულობა გამოუჩენია. მან უთხრა: „სახეში უთხარი, თუ რამის თქმა გინდა. აქ რატომ აყენებ შეურაცხყოფას?“.
ცნობისთვის, ნურმაგომედოვი მომდევნო ორთაბრძოლას 29 აგვისტოს გამართავს. უმარის მეტოქე სონგ იადონგი გახლავთ და მათი ჩხუბი შანხაიში გასამართი ღონისძიების მთავარი მოვლენაა.