„კარგი მებრძოლია, შეუძლია, ჩემპიონი ისევ გახდეს“ | მახაჩევმა თოფურიაზე ისაუბრა
ისლამ მახაჩევი MMA-ის ლეგენდარულ მებრძოლს, დემეტრიუს ჯონსონს ესაუბრა. მახაჩევს ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლაზე ჰკითხეს და ისლამმა ივარაუდა, რომ „ელ მატადორს“ შეუძლია, ჩემპიონი ისევ გახდეს.
„სიმართლე გითხრათ, ორთაბრძოლის შედეგით გაკვირვებული დავრჩი. მეგონა, ილია გაიმარჯვებდა, თუმცა როდესაც საჩემპიონო ქამრის მოგების შემდეგ ფოკუსს კარგავ, ასეთი რაღაცები ხდება. MMA ძალიან სახიფათო სპორტია.
ილიამ გეიჯი სათანადოდ არ დააფასა, რადგან ეგონა, მარტივად გაიმარჯვებდა და დაანოკაუტებდა. საკუთარი ძალის სჯეროდა, თუმცა გეიჯი ნამდვილი მეომარია. მას შეუძლია, მთელი ღამე იჩხუბოს. თოფურიას უნდოდა გეიჯისთვის ძლიერად მოერტყა და მისი დანოკაუტების მცდელობებისას ძალიან ბევრი ენერგია დახარჯა, რის გამოც დაიღალა.
იცით, რა არ მესმის და რატომ ვამბობ, რომ ფოკუსი დაკარგა? როგორ შეიძლება, ორთაბრძოლამდე წვეულებები გამართო და გამარჯვება იზეიმო? ვიდეო ვნახე, რომელშიც ისინი გამარჯვებას ზეიმობენ და ვფიქრობ, მან გეიჯი სათანადოდ არ დააფასა.
როდესაც წონას ვაბარებ, ჩემი გუნდის წევრებთან ერთად რესტორანში მივდივარ. მადლობას ვუხდი ბიჭებს, რომლებიც წონის დაკლებასა და მოსამზადებელი კემპისას მეხმარებოდნენ, თუმცა ყველა პოპულარული ადამიანის მოწვევა, სოციალურ ქსელებში პროფილისა და რეკორდის შეცვლა, თითქოს უკვე გაიმარჯვე, ნამდვილად არ მესმის.
თოფურიას მომავალი? რა თქმა უნდა, ის დაბრუნდება, რადგან ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბიჭია და დრო აქვს. იმედი მაქვს, დაბრუნდება და ღირსეულ გამოსვლას აჩვენებს, რადგან, ჩემი აზრით, ილია კარგი მებრძოლია. კარგი დარტყმა, კარგი ჭიდაობა და პარტერში კარგი უნარები აქვს. თუ ფოკუსი შეინარჩუნა, შეიძლება, ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდეს. არ ვიცი... ასეთი ბრძოლა ცხოვრებას ცვლის, უბრალოდ არ ვიცით, რომელ მხარეს, დადებითად თუ უარყოფითად“.
ცნობისთვის, მახაჩევი მომდევნო ორთაბრძოლას იან მაჩადო გარის წინააღმდეგ გამართავს. ისლამი ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ქამარს დაიცავს და გარისთან ჩხუბი თბილისის დროით 16 აგვისტოს გაიმართება.