ზედიზედ მეორე გამარჯვება - ხელბურთელებმა ბულგარელებს მოუგეს
თელავში მიმდინარე ხელბურთელთა ევროპის 18-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. პირველ ტურში დიდი ბრიტანეთის ძლევის შემდეგ, შოთა თევზაძის მომზადებულმა მოთამაშეებმა ამჯერად ბულგარელებს დაძაბულ ბრძოლაში 35:32 აჯობეს და სპორტის სასახლეში მისულ გულშემატკივრებს უდიდესი სიხარული მიანიჭეს.
უნდა აღინიშნოს, რომ მატჩის მიმდინარეობისას 2-წუთიანი გაძევებით საქართველოს ნაკრები 3-ჯერ დაისაჯა, არბიტრმა ორჯერ საბა ბუიღლიშვილი, ერთხელ კი ვანო გურგენიძე გააძევა. რაც შეეხება ყველაზე შედეგიან მოთამაშეს, ორივე გუნდიდან საუკეთესო შედეგი ნიკოლოზ მამულაშვილმა აჩვენა, რომელმაც 14 ბურთი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ხელბურთელად სრულიად დამსახურებულად დასახელდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მასპინძლებს ძირითადი შემადგენლობის ორი წევრის, გიორგი მაზანიშვილისა და საბა დიასამნიძის გარეშე უწევდათ ასპარეზობა.
ცნობისათვის, მომდევნო შეხვედრას საქართველოს 18-წლამდე ნაკრები 5 აგვისტოს კვიპროსელებთან ჩაატარებს, რომელიც დღეს კოსოვოსთან 22:31 დამარცხდა. კოსოვოელებს ქართველები 6-ში დაუპირისპირდებიან, 8 აგვისტოს კი ბელგიელებთან მოსინჯავენ ძალებს.