კიდევ ერთი ვერსიით - მელიქიძის ადგილი სიმბოლურშია
„სტად ფრანსეს“ ქართველ მორაგბეს გიორგი მელიქიძეს საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში გასულ სეზონში იმდენად შთამბეჭდავი პერფომანსი ჰქონდა, რომ თითქმის ყველა გამოცემის მიხედვით სიმბოლურ ნაკრებში ხვდება, რაც სავსებით სამართლიანი და დამსახურებულია. 30 წლის შერკინების ბურჯი კარიერის საუკეთესო ეტაპზეა და სამხრეთ ამერიკულ ტურნეში საქართველოს ნაკრებთან ერთად მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ იმყოფება, რომ TOP 14-ის ნახევარფინალის თამაში მოუწია და შესაბამისად, დასვენების საშუალება მიეცა,
მელიქიძე საუკეთესოებს შორის ამჯერად ავტორიტეტულმა გამოცემამ „კანალ პლუსმა“ შეიყვანა და მისი მიღწევა კიდევ უფრო დასაფასებელია იმ კუთხით, რომ 15 მოთამაშეს შორის მეორე დონის სარაგბო ქვეყნებიდან მხოლოდ გიორგი და „ლიონის“ ფიჯელი მორაგბე ჯიუტა ვაინიკოლო გახლავთ. „სტად ფრანსეს“ გამოცდილ ქართველ ლეგიონერს მართლაც შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს - 26 მატჩიდან 13 ძირითადში დაიწყო, მოედანზე 1143 წუთი გაატარა და 8 ლელო დადო.
ცნობისათვის, „სტად ფრანსემ“ გასული სეზონი საფრანგეთის TOP 14-ის რეგულარულ გათამაშებაში 79 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა, პლეი ოფის სტადიას კი ნახევარფინალში „მონპელიესთან“ (15:25) მარცხის შემდეგ გამოეთიშა.