დვალიშვილი: არანაირი სხვა ბრძოლა, მხოლოდ იანთან ტიტულზე ვიჩხუბებ
პიოტრ იანსა და შონ ომალის შორის შესაძლო რევანშზე საუბრების ფონზე, UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა სუპერმსუბუქ წონაში, მერაბ დვალიშვილმა განაცხადა, რომ ის დივიზიონში ნომერ პირველი პრეტენდენტია და აპირებს დაელოდოს რუსთან სატიტულო ბრძოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
„UFC-ში გვითხრეს, რომ არავითარი დროებითი ტიტული და სხვა ბრძოლები არ იქნება. მე დავიმსახურე პიოტრ იანთან ბრძოლა და მომიწევს მას დაველოდო. ეს მაწყობს. ვიმედოვნებ, პიოტრი მალე დაბრუნდება და ჩვენ ვიჩხუბებთ. და თუ არა - რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს მას, მე მაინც კონკრეტულად მასთან მინდა ბრძოლა.
ახლა ის საუკეთესო მებრძოლია ჩემს დივიზიონში, მე კი საუკეთესოებთან მინდა ჩხუბი, რადგან ყველა დანარჩენი უკვე დავამარცხე. პიოტრ იანი ნამდვილი გამოწვევაა ჩემთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს დაპირისპირებაში ანგარიში 1-1-ია. დარწმუნებული ვარ, ყველა მოხარული იქნება ჩვენი ტრილოგიის დასრულების ხილვით“,
- განაცხადა დვალიშვილმა MMA Junkie-სთან ინტერვიუში.
დვალიშვილმა, რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინ კვლავ გაიტეხა ცხვირი, ასევე მიანიშნა, რომ მისი ტრავმა სატიტულო ორთაბრძოლის ორგანიზებას ხელს არ შეუშლის.
„ცხვირთან დაკავშირებით უკვე ყველაფერი რიგზეა. მე ვვარჯიშობ დამცავი ჩაფხუტითა და სპეციალური ნიღბით, რომელიც ცხვირს იცავს, ასე რომ არავითარი პრობლემა არ არის“,
- განმარტა მერაბმა.
სამი დღით ადრე პიოტრ იანმა, არ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ მისი მომდევნო მეტოქე შონ ომალი გახდება.