რეკორდი და ოქროს მედლები - ქართველი ათლეტების წარმატება
ლიეტუვის ქალაქ დრუსკინკაიში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ათლეტიზმის ნაკრებმა ასპარეზობა ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლით დაასრულა. პლანეტის პირველობის გამარჯვებულები გიორგი გელაშვილი (-59 კგ) და თემურ სამხარაძე (+120 კგ) გახდნენ, ხოლო სოფიკო კვანჭიანი (-63 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა.
წოლჭიმში გელაშვილის სამივე მისვლა წარმატებული გამოდგა და 140, 147.5 და 155 კილოგრამები დაძლია, რითაც გარდა იმისა, რომ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, მსოფლიოს ახალგაზრდული რეკორდი დაამყარა. ქართველმა სპორტსმენმა მეორე-მესამე ადგილებზე გასულ ნიდერლანდელ კემან ერგინსა და იაპონელ იასუტაკა ტაკიიამას სოლიდური უპირატესობით აჯობა.
მძიმე წონით კატეგორიაში თემურ სამხარაძემ პირველივე მისვლაზე 390 კილოგრამი დაძლია, რითაც პირველი ადგილი გაინაღდა. მისი მეორე და მესამე ცდა 413 კილოგრამის აწევასა და მსოფლიო რეკორდის დამყარებას ემსახურებოდა, თუმცა თუ პირველ შემთხვევაში ქართველმა შტანგის აწევა მოახერხა და შედეგი ჟიურიმ გაუუქმა, მეორე ჯერზე უკვე დასამორჩილებლად ძალა აღარ ეყო და ოქროს მედალს რეკორდის გარეშე დასჯერდა.
ცნობისათვის, გელაშვილი-სამხარაძე-კვანჭიანის დუეტის გარდა, ჩვენი ქვეყნის სახელით მსოფლიოს ჩემპიონატზე მარიამ ბეგლარიშვილმა, მარიამ ცეცხლაძემ, გიორგი მაისურაძემ, ნათელა მეშველიანმა, ხატია ხურცილავამ, ნინო ჭრიკიშვილმა და რუბენ ქარქუსაშვილმა იასპარეზეს, თუმცა სამწუხაროდ მედლის გარეშე დარჩნენ.