5 მედალი ერთ წონაში - ძალოსნების გუნდური პირველი ადგილი
კოლუმბიაში გამართული მსოფლიოს 17-წლამდე ჩემპიონატი საქართველოს ძალოსანთა ნაკრებისთვის შესანიშნავად დაიხურა და ტრიუმფალური გამოდგა. ზურაბ ანთაურის მომზადებულმა სპორტსმენებმა პლანეტის პირველობაზე გამოსვლა საერთო ჯამში 5 ოქროს, 2 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს, რის შემდეგაც მედლების რაოდენობით გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.
განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა უკანასკნელი საშეჯიბრო დღე და მძიმე წონითი კატეგორია, სადაც ორმა ქართველმა ძალოსანმა ჩვენს დელეგაციას ხუთი მედალი მოუტანა, საიდანაც სამი უმაღლესი სინჯის გამოდგა. აკვრასა და ორჭიდის ჯამში ნიკოლოზ კურტანიძემ პირველი ადგილი დაიკავა და ჩვენი ქვეყნის ჰიმნი ააჟღერა, ხოლო ხვიჩა კიწმარიძე ამავე წონით კატეგორიაში ატაცის დისციპლინაში - ოქროს, აკვრასა და ორჭიდის ჯამში კი, ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა.
ცნობისათვის, კიწმარიძე-კურტანიძის დუეტის გარდა, ქართველი სპორტსმენებიდან წარმატებას კიდევ სამმა ძალოსანმა მიაღწია. დავით კილაძემ (71 კგ) აკვრასა და ორჭიდის ჯამში საუკეთესო, ატაცში - მესამე შედეგი აჩვენა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო გიორგი ქინქლაძემ (65 კგ) და თამაზ მეგრელიშვილმა (94 კგ) 3-3 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს.