ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

რა პერიოდით აეკრძალა ილიას ჩხუბი | როდის შეძლებს თოფურია დაბრუნებას

MMA Junkie-მ კალიფორნიის შტატის ათლეტური კომისიის აღმასრულებელი დირექტორისგან, ენდი ფოსტერისგან, სამედიცინო დისკვალიფიკაციების სრული სია მიიღო. საუბარია UFC Freedom 250-ის მონაწილე მებრძოლებზე, რომელთა შორის ილია თოფურიაცაა.

„ელ მატადორი“ ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა, რის გამოც 60 დღის განმავლობაში კონტაქტური ვარჯიშებისა და სპარინგების გამართვის უფლება არ აქვს. გარდა ამისა, თოფურიას ოქტაგონზე დაბრუნება და ჩხუბის გამართვა 180 დღით აუკრძალეს, თუმცა, თუ ყბა-სახის ქირურგისგან, შემოწმების შემდეგ, ნებართვას მიიღებს და მას ოფიციალურად წარადგენს, ვალდებული არ იქნება, 180 დღის გასვლას დაელოდოს.

„ილია თოფურია: დისკვალიფიცირებულია 180 დღით ან ყბა-სახის ქირურგის მიერ ნებართვის გაცემამდე“, — წერს MMA Junkie მიღებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით.

იგივე ვითარებაშია ჯასტინ გეიჯიც. მას 45-დღიანი სავალდებულო დასვენება გამოუწერეს და 180-დღიანი პერიოდიც მისცეს. გეიჯის ოქტაგონზე დაბრუნება მას შემდეგ შეეძლება, რაც მარჯვენა ხელის მაჯასა და მარცხენა მუხლზე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შედეგებს წარადგენს, რომლებზეც დაზიანება არ იქნება გამოვლენილი.

როგორ ხდება მებრძოლებისთვის სამედიცინო დისკვალიფიკაციის ვადის განსაზღვრა

ჩხუბის შემდეგ ოქტაგონზე შედის ექიმი. ეს არის სწრაფი, პირველადი შემოწმება. ექიმი აფასებს მებრძოლის ზოგად მდგომარეობას — ხომ არ არის მძიმე ნევროლოგიური დაზიანება, ხომ არ სჭირდება ღრმა ჭრილობას სისხლის სასწრაფოდ შეჩერება ან აშკარა მოტეხილობის ფიქსაცია.

ორთაბრძოლის შემდეგ შემოწმება გასახდელში გრძელდება. ეს არის მთავარი ეტაპი, სადაც წყდება სამედიცინო დისკვალიფიკაციის ბედი. ყველა მებრძოლი ვალდებულია, ბრძოლის დასრულებისთანავე ეწვიოს სამედიცინო ოთახს ან საკუთარ გასახდელში დაელოდოს ათლეტური კომისიის ექიმებს.

ამ დროს ხდება ნევროლოგიური რეაქციების, სახსრების, ძვლებისა და სახის ტრავმების შეფასება. თუ ექიმი ამ შემოწმებისას რაიმე საეჭვოს აღმოაჩენს, ის ბრძოლის ღამესვე აფორმებს ოქმს და კომისიას გადასცემს მოთხოვნას კონკრეტული ვადით მებრძოლის აქტივობის შეჩერების შესახებ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რემატჩს ილია მოიგებს“ - ვოლკანოვსკის პროგნოზი
„რემატჩს ილია მოიგებს“ - ვოლკანოვსკის პროგნოზი