ქართველების ოთხი ლელო - TOP 14-ში რეგულარული დასრულდა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში რეგულარული გათამაშება დასრულდა და პლეი ოფების დრო დადგა. გასულ შაბათს გამართული შვიდი მატჩიდან ოთხში ქართველმა მორაგბემ ლელოს დადება შეძლო. მეტოქის ჩათვლის მოედანი „ტულონის“, „კლერმონის“, „რასინგისა“ და „მონტობანის“ მოთამაშეებმა, მიხეილ შიოშვილმა, გიორგი ახალაძემ, ვლადი აშვეთიამ და ვახტანგ ჯინჭარაძემ აიღეს.
თავდაპირველად მიხეილ შიოშვილზე მოგახსენებთ - მისმა „ტულონმა“ სტუმრად „კასტრთან“ 21:38 წააგო და პლეი ოფს მიღმა დარჩა, რაც ჩვენთვის ერთი მხრივ კარგი გახლავთ, რადგან საქართველოს 20-წლამდე ნაკრებს შიოშვილი ახლავე შეუერთდება და ჩვენ ქვეყანაში გასამართი მსოფლიოს თასისთის უკეთ მოემზადება. შიოშვილი მოედანზე ცვლილებაზე 53-ე წუთზე გამოჩნდა და მალე თავი ლელოთი გამოიჩინა. მის გარდა „ტულონის“ რიგებში კიდევ ორმა ქართველმა იასპარეზა - ბექა გიგაშვილი სასტარტოში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი ჯავახია მატჩში 70-ე წუთიდან ჩაერთო.
„კლერმონმა“ რეგულარული გათამაშება სტუმრად „ბორდოს“ 34:31 დამარცხებით დაასრულა და გამარჯვებული გუნდის წარმატებაში საკუთარი წვლილი გიორგი ახალაძემაც შეიტანა, რომელიც მოედანზე 47-ე წუთზე გამოჩნდა და მალევე მეტოქის ჩათვლის მოედანი აიღო.
„ტულონის“ მსგავსად, სამმა ქართველმა იასპარეზა „რასინგის“ შემადგენლობაში „ტულუზასთან“ (31:20) მოგებულ საშინაო თამაშში და მათგან ყველაზე კარგი შთაბეჭდილება ვლადი აშვეთიამ დატოვა, რომელიც ცვლილებაზე გამოვიდა და ლელო დადო. გურამ გოგიჩაშვილი და გია ხარაიშვილი კი სასტარტოში იყვნენ - პირველი მათგანი 66-ე, ხოლო მეორე 37-ე წუთზე გაიყვანეს.
გათამაშების აუტსაიდერის „მონტობანში“ რიგებში თავი ვახტანგ ჯინჭარაძემ გამოიჩინა, რომელმაც „პოსთან“ (35:71) სტუმრად წაგებულ შეხვედრაში მასპინძლების ჩათვლის ზონაში შეაღწია. ჯინჭარაძე ძირითადში იყო და შეცვალეს, ხოლო ლუკა აზარიაშვილი და ნუგზარ სომხიშვილი მოედანზე თადარიგიდან შევიდნენ.
როგორც უკვე მოგახსენეთ, TOP 14-ის რეგულარული გათამაშება დასრულდა და პლეი ოფში თამაშის უფლება ექვსმა კლუბმა, „ტულუზამ“, „მონპელიემ“, „სტად ფრანსემ“, „პომ“, „რასინგმა“ და „ლა როშელმა“ მოიპოვა.