„გვსურს პატივი ვცეთ კულტურებს და წავიდეთ იმ ქვეყნებში“ - RAF-ის დამფუძნებელი
დღეს, ცნობილი გახდა, რომ Real American Freestyle (RAF) საერთაშორისო ასპარეზზე გადის და პირველ საზღვარგარეთ ივენთს საქართველოში ჩაატარებს.
პრომოუშენმა გამოაცხადა, რომ 11 ივლისს საქართველოში, „თბილისი არენაზე“ დაგეგმილ ღონისძიებას UFC-ის ყოფილი ჩემპიონების, მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს დაპირისპირება უხელმძღვანელებს. RAF-მა, რომელიც მხოლოდ გასული წლის აგვისტოში დაარსდა, საერთაშორისო გაფართოების პირველ მიმართულებად საქართველო აირჩია.
RAF-ის თანადამფუძნებლების, ჩად ბრონშტეინისა და იზი მარტინესისთვის, პრომოუშენის დაარსებიდან პირველივე წელს საერთაშორისო დონეზე გასვლა გასაკვირი არ არის და, სინამდვილეში, ეს ორგანიზაციის ჩამოყალიბების დღიდანვე მათი მიზანი იყო.
„მე და იზის ერთი და იგივე გზავნილი გვაქვს: ამის გაკეთება პირველივე დღიდან გვინდოდა. იზი ხორვატიაში იყო, არასდროს დამავიწყდება, თითქმის ერთი წლის წინ, და მეკითხება: „ჩად, მზად ხარ საერთაშორისო დონეზე გასასვლელად?“ ჩვენ გვინდოდა საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენთვის ძალიან მაგარია საქართველოში ჭიდაობის მნიშვნელობის შესახებ მოსმენა და, კიდევ ერთხელ, RAF-ით ჩვენი მიზანი არ არის საქართველოში ჩვენი ამერიკული ჭიდაობის თავს მოხვევა, სინამდვილეში ეს RAF Georgia-ს განვითარებაა.
ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენთვის ეს პატივისცემის სპორტია, გვსურს პატივი ვცეთ კულტურებს და წავიდეთ იმ ქვეყნებში, სადაც ჭიდაობა უყვართ.“
- თქვა RAF-ის თანადამფუძნებელმა ჩად ბრონშტეინმა.
RAF Georgia-ს ამჟამინდელი შემადგენლობა ასეთია:
მერაბ დვალიშვილი vs ჰენრი სეხუდო
აბდულრაშიდ სადულაევი vs კაილ სნაიდერი
გენო პეტრიაშვილი vs (მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა)
გივი მაჭარაშვილი vs ზაკ ელამი
არმან ცარუკიანი vs ხამიტოვი
აღსანიშნავია, რომ ბრძოლების სრული სია ჯერ ცნობილი არ არის და სავარაუდოდ, თბილისში რამდენიმე საინტერესო გვარს კიდევ ვიხილავთ.