RAF Georgia დადასტურდა! თბილისში დიდ ბრძოლებს ვიხილავთ
Real American Freestyle (RAF) საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელად მზადაა.
ოთხშაბათს პრომოუშენმა გამოაცხადა, რომ 11 ივლისს საქართველოში, „თბილისი არენაზე“ დაგეგმილ ღონისძიებას UFC-ის ყოფილი ჩემპიონების, მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს დაპირისპირება უხელმძღვანელებს. RAF-მა, რომელიც მხოლოდ გასული წლის აგვისტოში დაარსდა, საერთაშორისო გაფართოების პირველ მიმართულებად საქართველო აირჩია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს დვალიშვილის სამშობლოა და მდიდარია ჭიდაობის ტრადიციებით - თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მოპოვებული 18 ოლიმპიური მედლით, მათ შორის სამი ოქროთი.
RAF Georgia-ს ამჟამინდელი შემადგენლობა ასეთია:
მერაბ დვალიშვილი vs ჰენრი სეხუდო
აბდულრაშიდ სადულაევი vs კაილ სნაიდერი
გენო პეტრიაშვილი vs (მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა)
გივი მაჭარაშვილი vs ზაკ ელამი
არმან ცარუკიანი vs ხამიტოვი
Dvalishvili vs. Cejudo. Snyder vs. Sadulaev. ????
— Real American Freestyle (@RAFWrestlingUSA) June 3, 2026
Georgia hosts our biggest event yet. Tickets coming soon at the link in bio. pic.twitter.com/qfAuSSDBBz
აღსანიშნავია, რომ ბრძოლების სრული სია ჯერ ცნობილი არ არის და სავარაუდოდ, თბილისში რამდენიმე საინტერესო გვარს კიდევ ვიხილავთ.
მერაბ დვალიშვილმა ამის შესახებ უკვე პირველი კომენტარიც გააკეთა და MMA Fighting-ს ესაუბრა:
„ეს ახდენილი ოცნებაა. დიდი დრო გავიდა. ჩვენ ვცდილობდით საქართველოში UFC ჩამოგვეტანა, მაგრამ საქართველოში RAF-ის ჩამოტანაც თითქმის იგივეა. ეს ჩემი ქვეყნისთვის შესანიშნავია. ჭიდაობა ჩემს ქვეყანაში დიდი სპორტია... ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ჩემი ქვეყანა აღფრთოვანებული იქნება. ეს იქნება კარგი შესაძლებლობა სხვა სპორტსმენებისთვის, ჩემთვის, გივისთვის (მაჭარაშვილი)... რომ წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენსავე სამშობლოში. ეს უდიდესი რამ არის. ნამდვილად უდიდესი.
მე ის MMA-ში დავამარცხე, მაგრამ ახლა მის სპორტში გამოვდივარ. რა თქმა უნდა, მას ჭიდაობაში უკეთესი შანსი აქვს... მაგრამ ჩემი შემდეგი მიზანი ჰენრი სეხუდოს ჭიდაობაში დამარცხება იქნება“.
- განაცხადა დვალიშვილმა.