“საბედნიეროდ, ყველა მეხმარება“ - დუმფრისის პირველი ინტერვიუ
მადრიდის „რეალის“ ახალწვეულმა დენზელ დუმფრისმა გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა და ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით მუშაობა ოფიციალურად დაიწყო.
ვარჯიშის დაწყებამდე მან სამედიცინო შემოწმება გაიარა, შემდეგ კი ჯერ სავარჯიშო დარბაზში ივარჯიშა, მოგვიანებით კი მოედანზე სირბილისა და ბურთთან დაკავშირებული სავარჯიშოები შეასრულა.
პირველი ვარჯიშის შემდეგ დუმფრისმა კლუბის ტელევიზიასთან შთაბეჭდილებები გააზიარა.
„პირველი ვარჯიშის შემდეგ თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ყველაფერი ძალიან კარგად დაიწყო. შვებულების შემდეგ მიხარია, რომ მუშაობა დავიწყე. აქ ყოფნა უდიდესი პატივია. ინფრასტრუქტურა უბრალოდ წარმოუდგენელია. ბაზა იმდენად დიდია, რომ ძალიან მარტივად შეიძლება გზა აგერიოს. საბედნიეროდ, ყველა მეხმარება, ყველაფერი სწრაფად გავერკვე,“ — განაცხადა დუმფრისმა.
29 წლის ფეხბურთელმა ასევე აღნიშნა, რომ ახალ გუნდში თბილად მიიღეს.
„თანაგუნდელებმა შესანიშნავად მიმიღეს. მსოფლიო ჩემპიონატის გამო ბევრი მათგანი ჯერ კიდევ შვებულებაშია, მაგრამ ვინც აქ არის, ყველამ ძალიან თბილად მიმიღო. იგივე შემიძლია ვთქვა სამწვრთნელო შტაბსა და მთავარ მწვრთნელზეც. პირველივე დღიდან თავი საკუთარ სახლში ვიგრძენი. შესანიშნავი გუნდი და შესანიშნავი მწვრთნელი გვყავს. მათთან მუშაობა და მათგან სწავლა დიდი სიამოვნებაა,“ — თქვა მან.
ნიდერლანდელმა უკანახაზელმა მომავალ სეზონზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდი ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს.
„ჩვენ ყველა მიზნისთვის ვიბრძოლებთ. მადრიდის „რეალის“ მაისურის ტარება უდიდესი პატივია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივრები გავახაროთ,“ — განაცხადა ნიდერლანდელმა მცველმა.