ალექსანდრ ზვერევი, იანიკ სინერი
Aa
Aa

მე-5 დიდი სლემი კარიერაში - სინერმა უიმბლდონის ფინალში ზვერევი დაამარცხა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა იტალიელმა იანიკ სინერმა უიმბლდონის ფინალში გერმანელი ალექსანდრ ზვერევი 4 სეტში დაამარცხა – 6:7(7:9), 7:6(7:2), 6:3, 6:4.

24 წლის იტალიელმა ტიტული დაიცვა და დიდი სლემის ტურნირებზე მეხუთე ტიტული მოიპოვა. მანამდე ის ავსტრალიის ღია პირველობის (2024, 2025), აშშ-ის ღია პირველობისა (2024) და უიმბლდონის (2025) ჩემპიონი გახდა.

ის გაუთანაბრდა როდ ლეივერსა და ჯონ ნიუკომბს და ახლა მათთან ერთად ღია ერაში დიდი სლემის ტიტულების რაოდენობით ისტორიაში მე-14 ადგილს იყოფს. მოქმედ ჩოგბურთელებს შორის მას მესამე შედეგი აქვს. სინერზე მეტი ტიტული მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩსა (24) და კარლოს ალკარასს (7) აქვთ.

გარდა ამისა, სინერმა ATP-ის დონის ტურნირებზე 30-ე ტიტული მოიპოვა. ახლა მისი სტატისტიკა ფინალებში 30:9-ზეა. მოქმედ მოთამაშეებს შორის მოგებული ტიტულების რაოდენობით ის მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ ჯოკოვიჩს (101) ჩამორჩება.

ასევე, სინერმა დიდი სლემის ტურნირებზე მე-100 გამარჯვება მოიპოვა (ბალანსი – 100:22). ის გახდა მერვე მოქმედი მოთამაშე, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.

მთლიანობაში, იტალიელმა სეზონში 44-ე მატჩი მოიგო. მისი ბალანსი მიმდინარე წელს 44:3-ზეა.

ასევე, იტალიელი გახდა მეათე ჩოგბურთელი ღია ერაში, რომელმაც უიმბლდონის ზედიზედ ორი ტიტულის მოგება შეძლო. მანამდე ეს შეძლეს:

როდ ლეივერი – 1968-1969 წლებში

ჯონ ნიუკომბი – 1970-1971 წლებში

ბიორნ ბორგი – 1976-1980 წლებში (ტიტულის ოთხჯერ დაცვა)

ჯონ მაკინროი – 1983-1984 წლებში

ბორის ბეკერი – 1985-1986 წლებში

პიტ სამპრასი – 1993-1995 წლებში (ტიტულის ორჯერ დაცვა) და 1997-2000 წლებში (ტიტულის სამჯერ დაცვა)

როჯერ ფედერერი – 2003-2007 წლებში (ტიტულის ოთხჯერ დაცვა)

ნოვაკ ჯოკოვიჩი – 2014-2015 და 2018-2022 წლებში (ტიტულის სამჯერ დაცვა, 2020 წელს ტურნირი პანდემიის გამო არ ჩატარებულა)

კარლოს ალკარასი – 2023-2024 წლებში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები