ცხოვრებაძემ თასი მოიგო - ქართველს მეორე ტიტულის შანსიც აქვს
ქართველი ხელბურთელი გიორგი ცხოვრებაძე ხორვატიის თასის გამარჯვებული გახდა. ფინალში დედაქალაქელებმა უშუალო კონკურენტს ნაშიცეს „ნექსეს“ საკმაოდ იოლად, 11-ბურთიანი სხვაობით, 32:21 მოუგეს და ამ ტურნირის ოქროს მედლები არსებობის ისტორიაში ოცდამეთორმეტედ მოიპოვეს.
როგორც შესვენებამდე, ასევე მეორე ტაიმშიც ცხოვრებაძე უზომოდ აქტიური იყო, რის გამოც მატჩის MVP-ის პრიზი სრულიად დამსახურებულად მიიღო. საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების ლიდერი ზაგრებელთა რიგებში თავდასხმაში პროდუქტიულად ირჯებოდა და 9 გოლი გაიტანა. ბუნებრივია, გიორგის ასპარეზობაში იყო ეფექტური ეპიზოდები, რაც მას სხვებისგან გამოარჩევს და ადგილობრივი ქომაგების მხრიდან ოვაციები რამდენჯერმე დაიმსახურა.
ცნობისათვის, 29 მაისს გიორგი ცხოვრებაძე და მისი თანაგუნდელები „სესვეტეს“ შეხვდებიან, გამარჯვების შემთხვევაში ხორვატიის ჩემპიონატის ოქროს მედლებსაც მოიგებენ და სეზონს ოქროს დუბლით დაასრულებენ.