30-დან 10 გოლი კბილაშვილმა მიითვალა - საფრანგეთში ქართული დერბი არ შედგა
თეიმურაზ ორჯონიკიძის, ერეკლე არსენაშვილის, გიორგი დიხამინჯიას და ზურაბ გოგავას ტრავმიანობის პერიოდში ქართველი ლეგიონერი ხელბურთელების რაოდენობა შედარებით შემცირებულია, თუმცა ვინც ჯანმრთელად არის და თამაშს ახერხებს, საკუთარ კლუბებში მოწინავე პოზიციაზე იმყოფებიან. ბოლო დღეებში კი განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება ირაკლი კბილაშვილმა და ნიკოლოზ კალანდაძემ დატოვეს, რომლებიც რუმინეთისა და საფრანგეთის ჩემპიონატებში ასპარეზობენ.
კბილაშვილმა მას შემდეგ რაც რუმინეთის პირველობაზე გამოდის, კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა. „პოტაისა ტურდამ“ სტუმრად „მინორ ბაია მარე“ 30:28 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ნაკრების ხელბურთელმა 10 ბურთი გაიტანა. რაც შეეხება კალანდაძეს, საფრანგეთის სტარ ლიგაში „ექს ან პროვანსმა“ „ტრამბლესთან“, რომელსაც ერეკლე არსენაშვილი ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა, დაძაბულ ბრძოლაში 30:31 წააგო, ხოლო ნიკოლოზმა თავი 3 გოლითა და 6 ასისტით გამოიჩინა.
ცნობისათვის, გასულ შაბათ-კვირას მატჩები გაიმართა პოლონეთის ჩემპიონატშიც, სადაც „ლეგიონოვო“ დარჩენისთვის იბრძვის და მოკლე მონაკვეთში ორი მატჩი მოიგო, პირველ მათგანში საქართველოს ნაკრების მეკარემ ზურაბ ცინცაძემ - 5, ხოლო მეორეში 6 დარტყმა მოიგერია.