„შესვენებაზე მეორე გამაყუჩებელიც გავიკეთე, მაგრამ ვერ შევძელი“ - დიხამინჯია ისრაელთან მატჩებზე
საქართველოს ნაკრების ხელბურთელი გიორგი დიხამინჯია სპორტსმენობისა და თავდადების ნათელი მაგალითია - ის, რაც ეროვნული გუნდის 28 წლის წევრმა თელავში ისრაელის ნაკრებთან გასამართი მატჩებისას გააკეთა, ყველასთვის მისაბაძი უნდა იყოს. სანაკრებო თამაშების წინ, სერიოზული ტრავმა მიიღო, თუმცა კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ ისედაც საკადრო პრობლემებით დამძიმებული ეროვნული გუნდისთვის თავი უნდა გადაედო, რის გამოც სამშობლოში ჩამოვიდა და მაქსიმალურად შეეცადა თანაგუნდელებს დახმარებოდა. თუმცა, საბოლოოდ დაზიანება იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ისრაელელებთან მეორე მატჩში აღარ უასპარეზია. Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დიხამინჯიამ მაშინდელი მოვლენებიც კარგად გაიხსენა და საქართველოს ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელზეც დეტალურად ისაუბრა.
გიორგი დიხამინჯია
თითქმის უკვე ერთი კვირა გავიდა, რაც საქართველოს ნაკრები შეკრებაზე ვიმყოფებით. მთავარი მწვრთნელის რუბენ გარაბიას გარდა, შტაბში მისი ასისტენტიც და ფიზიკური მომზადების სპეციალისტიც ახალია - სამივე ესპანელია და სამივე მაღალი კლასის სპეციალისტია. გვაქვს ვიდეო-განხილვები, ასევე დარბაზში მიმდინარეობს ტაქტიკა-სტრატეგიების შემუშავება როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში. გარდა ამისა, გარაბიას აქვს 30-წუთიანი შეხვედრები ნაკრების თითოეულ ხელბურთელთან, რათა მის სქემასთან ადაპტაცია ყველამ უმოკლეს დროში შევძლოთ და ერთი სიტყვით, ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს, რაც ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს.
რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას, დაახლოებით ორი თვეა ვმკურნალობ, განმეორებითი სამედიცინო ტესტირება მექნება 20 მაისს და გავარკვევთ, როგორ მიდის სარეაბილიტაციო პროცესი. თავს უკეთესად ვგრძნობ, მაგრამ დატვირთვები ჯერჯერობით არ დამიწყია და დაბრუნებას სავარაუდოდ, ახალი სეზონის დასაწყისში, აგვისტო-სექტემბრის პერიოდისთვის შევძლებ.
როდის და როგო დავშავდი? ისრაელთან სანაკრებო მატჩებამდე ისლანდიის „აკიურერის“ შემადგენლობაში მივიღე ტრავმა. მოგეხსენებათ, ისლანდიიდან საქართველოში ჩამოსასვლელად ხანგრძლივი მგზავრობაა საჭირო და დაახლოებით 3-4 გადაჯდომა მომიწია, რის გამოც აღდგენისთვის ფიზიკურად დრო არ იყო. ყველანაირად ვეცადე ეს ტკივილი დამეიგნორირებინა, მაგრამ რომ დავიწყე ისრაელთან თამაში, სადღაც მე-16 წუთზე, კი მქონდა მუხლი გაყუჩებული, მაგრამ ისეთი დისკომფორტი ვიგრძენი, რომ საკუთარ თავსაც ვეღარ გადავახტი. შესვენებაზე ექიმს ვთხოვე, რომ კიდევ ერთი გამაყუჩებელი გაეკეთებინა, რომ გამეგრძელებინა თამაში. გავაგრძელე, მაგრამ მაყურებელმაც ნახა, რომ კოჭლობით დავრბოდი და ამის შემდეგ უკვე აზრი აღარაფერს ჰქონდა.
დამთავრდა თუ არა ისრაელთან პირველი თამაში, თბილისში მაგნიტო-რეზონანსული კვლევა ჩავიტარე და აღმოჩნდა, რომ მენისკის ზღვარზე ვიყავი, რის გამოც ნაკრების სამწვრთნელო შტაბთან კონსულტაციის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ მკურნალობა დაგვეწყო, რადგან ჩემი თამაში აღარ შეიძლებოდა. დაახლოებით 10 წელია საქართველოს ნაკრებში ვთამაშობ და ტრავმის გამო გუნდს პირველად გამოვაკლდი, თანაც ასეთ მნიშვნელოვან მომენტში, რაც ძალიან განვიცადე.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მეტოქეები უკვე ვიცით და საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ თუ ყველა წამყვანი ხელბურთელი ჯანმრთელად გვეყოლება, დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო მესამე ადგილით კი არა, მინიმუმ მეორე პოზიციით დავასრულებთ საკვალიფიკაციო ეტაპს. კონტინენტის პირველობაზე უნდა გავიდეთ, რაც ბევრ რამეში დაგვეხმარება, თუნდაც იმაში, რომ შემდეგ გაგვიმართლოს და მსოფლიოს შესარჩევშიც შედარებით იოლი მოწინააღმდეგე შეგვხვდეს.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ესპანელი რუბენ გარაბაია დაინიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ტიტე კალანდაძე შეცვალა. გარაბაიას ასისტენტები პაბლო კამპოსი და ხავიერ სალვადორი იქნებიან, მეკარეების მწვრთნელის პოზიციაზე კი ისევ შოთა თევზაძე იმუშავებს.