გილჯეს-ალექსანდერის 30 ქულა | ოკლაჰომამ სერიაში ანგარიში გაათანაბრა
NBA-ში დასავლეთ კონფერენციის ფინალის მეორე მატჩი გაიმართა - „ოკლაჰომა სითი თანდერმა“ საკუთარ კედლებში „სან ანტონიო სპურსი“ დაამარცხა (122:113) და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.
პირველი ნახევარი მოქმედმა ჩემპიონმა 11 ქულით მოიგო, მესამე მეოთხედში „სპურსმა“ ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა, თუმცა ბოლო მეოთხედში უპირატესობა ისევ „ოკლაჰომას“ მხარეს იყო.
ლიგის მოქმედ MVP-ს, შეი გილჯეს-ალექსანდერს ორმაგ დუბლამდე ერთი შედეგიანი გადაცემა დააკლდა (30 ქულა, 4 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა, 2 დაფარება), ალექს კარუზომ 17 ქულა ჩააგდო, ისაია ჰარტენშტაინმა კი ორმაგი დუბლით დაასრულა თამაში (10 ქულა, 13 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა, 2 დაფარება).
„სპურსს“ სტეფონ კასლმა ულიდერა (25 ქულა, 5 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა), დევინ ვესელს 22 ქულა ჰქონდა, ვიქტორ ვემბანიანას ანგარიშზე კი 21 ქულა, 17 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 4 დაფარებაიყო.
23 და 25 მაისს სერიის მომდევნო მატჩები სან ანტონიოში გაიმართება, მეხუთე შეხვედრა კი ოკლაჰომაში 27 მაისსაა ჩანიშნული.