NBA: კლივლენდმა დეტროიტს ოვერტაიმში მოუგო და 3:2 დაწინაურდა
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეიოფის მეორე რაუნდი დასკვნით ფაზაში შედის - სერიის მე-5 მატჩში „კლივლენდ კავალიერსმა“ სტუმრად ოვერტაიმში „დეტროიტ პისტონსი“ დაამარცხა.
„დეტროიტმა“ პირველი მეოთხედი 2 ქულით მოიგო, შესვენებაზე კი 8-ქულიანი უპირატესობით გავიდა, თუმცა „კავალიერსმა“ შესანიშნავი მესამე მეოთხედი შემოგვთავაზა და საბოლოოდ მატჩი ოვერტაიმში გადავიდა, სადაც დონოვან მიტჩელის 7 ქულა და ევან მობლის 3 მოხსნა გადამწყვეტი აღმოჩნდა - 117:113.
ტრადიციულად, „პისტონს“ კეიდ კანინგემმა ულიდერა, რომლის ანგარიშზეც 39 ქულა, 7 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა იყო. დენის ჯენკინსმა 19 ქულა ჩააგდო, ტობიას ჰარისმა კი 13.
რაც შეეხება „კლივლენდს“, შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ჯეიმს ჰარდენმა (30 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება). დონოვან მიტჩელს 21 ქულა დაუგროვდა, ჯარეტ ალენმა კი მატჩი ორმაგი დუბლით დაასრულა (16 ქულა, 10 მოხსნა).
სერიის მე-6 მატჩი 16 მაისს კლივლენდში გაიმართება - ამ წყვილის გამარჯვებული კი აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში „ნიუ იორკ ნიქსს“ შეხვდება.