აფციაურის მეორე ლელო - ნინიაშვილი ლა როშელს დაეხმარა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების 23-ე ტურში ქართველი მორაგბეებიდან ყველაზე კარგი შთაბეჭდილება „სტად ფრანსე“ – „ლიონის“ (59:17) მატჩის მონაწილეებმა დატოვეს. მართალია მასპინძლების შერკინების მოთამაშეს გიორგი მელიქიძეს თავი ამჯერად ლელოთი არ გამოუჩენია, თუმცა საერთო ჯამში უმაღლეს დონეზე ითამაშა, რაც სათანადოდაც დაუფასდა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ირაკლი აფციაურმა კი, მე-19 წუთზე მასპინძლების ჩათვლის მოედანი აიღო, თუმცა მისმა მონდომებამ ლიონელებს ვერ უშველა და ისინი 42-ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ.
აფციაურისთვის ეს წლევანდელ სეზონში მეორე ლელო იყო, მისი და მელიქიძის გარდა კი ამ მატჩში კიდევ ორმა ქართველმა მორაგბემ იასპარეზა - ბექა საღინაძე „ლიონის“ შემადგენლობაში თავიდან ბოლომდე მოედანზე იყო, ხოლო მისი ახალგაზრდა თანამემამულე ბექა შვანგირაძე ცვლილებაზე 41-ე წუთზე გამოჩნდა.
უქულოდ არ დაუტოვებია ეს ტური დავით ნინიაშვილს - „ლა როშელმა“ სტუმრად „რასინგი“ დაძაბულ ბრძოლაში 26:24 დაამარცხა და ქართველმა ვარსკვლავმა ერთი საჯარიმო ზუსტად დაარტყა. მისი თანაგუნდელი ალექსანდრე ქუნთელია ცვლილებაზე 30-ე წუთზე შევიდა, ხოლო რაც შეეხება „რასინგს“, ამ გუნდის ძირითადში ორი ქართველი, გურამ გოგიჩაშვილი და გია ხარაიშვილი იყო.