ხორავა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია - ქართველი ძალოსნის ვერცხლის მედალი
ეგვიპტეში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებულად მიმდინარეობს. დღეს შეჯიბრება 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში გაიმართა, სადაც ნანა ხორავა ერთ დისციპლინაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა და საერთო ჯამში ასპარეზობა ერთი მედლით დაასრულა.
ხორავამ ყველაზე კარგი შთაბეჭდილება ატაცში დატოვა, სადაც სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა და მესამე მისვლაზე 108 კილოგრამი დაძლია. აკვრის დისციპლინაში კი მან 126 კილოგრამი დააფიქსირა და მეოთხე ადგილი დაიკავა. მეოთხე მაჩვენებელი იყო მის მიერ ორჭიდის ჯამში დაგროვებული 234 კილოგრამიც და საერთო ჯამში უნდა აღინიშნოს, რომ მისი გამოსვლა დადებით შეფასებას იმსახურებს.
ცნობისათვის, საქართველოს დელეგაციისთვის ხორავას ვერცხლი მეორე მედალი იყო - პირველ წარმატებას რევაზ მილდიანმა მიაღწია, რომელმაც 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცის დისციპლინაში საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა. ხვალ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელით სამი ძალოსანი, მარიამ მურღვლიანი (86 კგ), ლუკა სილაგაძე (94 კგ) და გოგა ჯაჯვანი (94 კგ) იასპარეზებს.