ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

რატომ გეიჯი და არა მახაჩევი | როგორ განვითარდა მოვლენები ილიას მენეჯერის მიხედვით

ილია თოფურია მომდევნო ორთაბრძოლას „თეთრი სახლის“ ღონისძიებაზე გამართავს და საჩემპიონო ქამარს ჯასტინ გეიჯისთან დაიცავს. „ელ მატადორმა“ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ისლამ მახაჩევთან სურდა ჩხუბი, მაგრამ რუსმა მებრძოლმა ტრავმის გამო უარი თქვა.

თოფურიას სიტყვებს მახაჩევი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ჩხუბი ილიას გამო ვერ ჩაინიშნა. მისი თქმით, „ელ მატადორმა“ ძალიან დიდი ჰონორარი მოითხოვა, რაზეც UFC-იმ უარი უთხრა და გეიჯის სწორედ ამიტომ ხვდება. UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა უარყო, თითქოს თოფურიამ დიდი თანხა მოითხოვა და მთავარი მიზეზი ეს იყო, მოგვიანებით კი ილიას მენეჯერმა, მალკი კავამ ყველაფერზე დეტალურად ისაუბრა.

„საჭიროა, ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის თემას ნათელი მოვფინოთ, რადგან კონტექსტიდან ამოგლეჯილი და გადაჭარბებული განცხადებები შემხვდა. ორშაბათს UFC-ის დავურეკე და ვკითხე, აპირებდნენ თუ არა „თეთრი სახლის“ ღონისძიებაზე ილია თოფურიასთვის ჩხუბის მიცემას. უარი მითხრეს.

ოთხშაბათს სატელეფონო ზარი მივიღე: „თუ უნდა, შეუძლია იჩხუბოს. არჩევანი მისია — ისლამ მახაჩევი ან ჯასტინ გეიჯი“. მაშინვე ვუთხარი, რომ ისლამი გვინდოდა. მათ მითხრეს: „ამ ბრძოლისთვის ამდენს გადაგიხდით“, მე კი ვუპასუხე: „ძმაო, იცი, რომ ამ თანხად ეს არასდროს მოხდება“. მათ მაინც დაასახელეს თანხა და არჩევანი მოგვცეს. მე ვთქვი — „ისლამი გვინდა“, ზუსტად ასე ვთქვი.

ილია თოფურიას ისლამ მახაჩევთან ბრძოლა სურდა — სწორედ ის იყო მისი არჩევანი. მითხრეს: „დაგირეკავთ და შეგატყობინებთ, გამოვა თუ არა“. პარასკევი მოვიდა და არავინ შემხმიანებია. არც მე დავკავშირებივარ. ლოგინში დავწექი და ზუსტად ღამის 12 საათზე რამდენიმე სატელეფონო ზარი მივიღე.

ჰანტერ კემპბელს დავურეკე და ვკითხე, რა ხდება-მეთქი. მან მიპასუხა: „გვინდა, რომ ილიამ „თეთრი სახლის“ ღონისძიებაზე იჩხუბოს“. მე ვუთხარი: „კარგი. ისლამ მახაჩევთან?“ მან მიპასუხა: „არა, ისლამი ვერ იბრძოლებს, ხელი აქვს დაზიანებული“. ამ მომენტიდან UFC-ის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებები დავიწყე, რაც მთელი ღამე გაგრძელდა.

მოლაპარაკებები ჯასტინ გეიჯიზე მიდიოდა, მახაჩევის ვარიანტი რეალური არც ყოფილა. ყველა თანხმდება, რომ ილია და ისლამი, შესაძლოა, UFC-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ბრძოლა იყოს — არ ფიქრობთ, რომ ასეთ შემთხვევაში მათ ყველაზე დიდი ჰონორარიც უნდა მიიღონ? მე სულელი ვიქნებოდი, ამ ბრძოლას სათანადო თანხის გარეშე დავთანხმებოდი. არ მომითხოვია 100 მილიონი დოლარი ან თუნდაც 50 მილიონი — მოვითხოვე თანხა, რომელიც ჩემი აზრით სრულიად რეალურია…“

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და გეიჯის ორთაბრძოლას თბილისის დროით, 15 ივნისს ვიხილავთ. „ელ მატადორი“ „თეთრი სახლის“ ღონისძიების, UFC Freedom 250-ის მთავარი მოვლენის მონაწილეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„100 სატელეფონო ზარი მივიღე“ | თოფურიამ მახაჩევთან ჩხუბზე ისაუბრა
„100 სატელეფონო ზარი მივიღე“ | თოფურიამ მახაჩევთან ჩხუბზე ისაუბრა