„თითქოს უფროსები დამწყებ ბავშვებს ეთამაშებიან“ | დი კანიო კვარას გოლის ეპიზოდზე
ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, პაოლო დი კანიომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. დი კანიო „კვარას“ გოლის ეპიზოდს გამოეხმაურა და Sky Sport Italia-ს გადაცემაში ქართველი გარემარბი შეაქო.
„კვარაცხელიას ნაპოლიში ყოფნის დროსაც ვაქებდით იმ აგრესიისა და კონკურენტუნარიანობის გამო, რომლითაც ბურთის ფლობისას გამოირჩევა. ამ მომენტზე რა უნდა ვთქვათ?! ლამაზი ეპიზოდი იყო: პასი, შერბენა, საჯარიმოში შესვლა, ბურთის კონტროლი, ცრუმოძრაობა და შემდეგ სწორი გადაწყვეტილების მიღება. ეს არის მომენტი, როდესაც მოწინააღმდეგეები გეხვევიან და შენზე ზეწოლას ახდენენ, მაგრამ მაინც არ იბნევი.
კვარაცხელია მცველს უმკლავდება, მეკარისკენ მიდის, თითქოს უნდა დაარტყას. შემდეგ მეორე მცველი გადმოდის და რჩება შთაბეჭდილება, რომ დარტყმის დროა, მაგრამ ხვდება, რომ არის შანსი, მეტოქე გადაეფაროს. სხვა არჩევანს აკეთებს, კარს თითქმის მთლიანად ცარიელს ტოვებს და შემდეგ შეგვიძლია, დავსხდეთ და მშვიდად ვისიამოვნოთ.
იტალიაში უკვე ძლიერი ფეხბურთელი იყო, მაგრამ პარიზში უფრო მაღალ დონეზე ავიდა. ყველაფერი თითქოს ძალიან მარტივი ჩანდა, მაგრამ ასეთ დონეზე, ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში, ასეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ამის გაკეთება... ლივერპული დაცვაში კარგად ვერ თამაშობს, მაგრამ ფიზიკურად ძლიერები არიან, არ აგვიანებენ, ფეხში გირტყამენ და წონასწორობას გაკარგვინებენ.
კვარაცხელიამ წინასწარ იცის, რას გააკეთებს და ეპიზოდი როგორ დასრულდება. „დარტყმას არ ვიჩქარებ, ცენტრისკენ შევალ, ცრუმოძრაობას გავაკეთებ, მოწინააღმდეგეებს პოზიციებს დავაკარგვინებ და გოლს გავიტან“, — ამას ეუბნება ხვიჩა საკუთარ თავს და ყველაფერს ისე აკეთებს, თითქოს ძლიერი უფროსები დამწყებ ბავშვებს ეთამაშებიან.
ეს არის ჩემპიონების ძალა — მოთამაშეების, რომლებსაც განსაკუთრებული ნიჭი აქვთ. კვარაცხელია საოცარია — შეგვიძლია, უბრალოდ ვუყუროთ და აღფრთოვანებულები მისი თამაშით დავტკბეთ.“
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია „ლივერპულთან“ 2:0 მოგებულ შეხვედრაში, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. „კვარა“ ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზეც წარადგინეს, მაგრამ მანუელ ნოიერმა აჯობა.