„კინაღამ დამეჯახე, ტარება ისწავლე“ | ჯონ ჯონსს ეჩხუბნენ და შუა თითი უჩვენეს
UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, ჯონ ჯონსი, ავტომობილის გაუფრთხილებლად მართვაში დაადანაშაულეს. ბრაიან ბელტრანმა, რომელიც ავტოსალონში მუშაობს და მანქანებს ყიდის, სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა. ბელტრანს „ბოუნსთან“ ინციდენტი შეემთხვა და მებრძოლმა შუა თითი უჩვენა.
„იუბენქის ქუჩასთან ახლოს მივდიოდი, როდესაც ეს პიკაპი სამჯერ კინაღამ დამეჯახა. პირველად აქსელერატორს ჩავაჭირე, რათა მას ჩემი ძრავის ხმა გაეგო და ლამის დამარტყა. ამის შემდეგ ორჯერ კინაღამ დამეჯახა და შუა თითი ვუჩვენე.
როცა ეს გავაკეთე, შუა ქუჩაში გააჩერა, უკუსვლით წამოვიდა და იმ პარკინგზე შემოვიდა, სადაც ვიდექი. წინაღამეს პიკაპის მძღოლმა გზა ჩამიჭრა და გაბრაზებული ვიყავი, რადგან მეორე მძღოლი შემხვდა, რომელმაც არ იცოდა, პიკაპი როგორ ეტარებინა.
სხვათა შორის, ვიცი, რომ ეს ადამიანი ჯონ ჯონსია. წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო, როდესაც შუა თითი ვუჩვენე, მაგრამ მალევე მივხვდი. მის მიმართ არანაირი ცუდი დამოკიდებულება არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, მართვის გაკვეთილები ესაჭიროება, რადგან რამდენჯერმე კინაღამ დამარტყა,“ — დაწერა ბელტრანმა.
ვიდეოში ბრაიანი „ბოუნსს“ ეუბნება: „რას ცდილობ საერთოდ? კინაღამ დამეჯახე. უნდა ისწავლო, მანქანა როგორ ატარო.“ ჯონსმა მას უპასუხა, დამშვიდებულიყო, შემდეგ კი შუა თითი უჩვენა. მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და მომხდარზე ისაუბრა.
„ეს ბიჭი ორი კვარტალი მომსდევდა. აქსელერატორს აჭერდა და ძრავის ხმით ჩემს დაშინებას ცდილობდა. მიხარია, რომ ეს მე შემემთხვა და არა ჩვენი საზოგადოების რომელიმე ასაკოვან ადამიანს. ვამაყობ, რომ თავი დავიცავი და არ დავუშვი ასეთი ბულინგი ან დაშინება.“