დენა უაითის კომენტარი | მახაჩევის მიერ ილიაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა
UFC-ის პრეზიდენტი, დენა უაითი ცნობილი სტრიმერის, ედინ როსის სტუმარი იყო და საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. უაითმა ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევზე დასმულ შეკითხვას უპასუხა და რუსი მებრძოლის მიერ გაკეთებულ განცხადებას ტყუილი უწოდა.
ედინ როსი: „ისლამ მახაჩევის პოსტი ვნახე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. ისლამი სოციალურ ქსელებს ხშირად არ იყენებს და აღნიშნა, რომ იძულებული გახდა, განცხადება გაეკეთებინა. მან თქვა, რომ თეთრი სახლის ღონისძიებაზე მას და ილია თოფურიას უნდა ეჩხუბათ და მიზეზი, რის გამოც ორთაბრძოლა ჩაიშალა, თოფურიას უკავშირდება — მან ძალიან მაღალი ჰონორარი მოითხოვა. არის რამე, რაც შეგიძლია ამ თემაზე თქვა?“
„ეს სიმართლე არ არის“, — აღნიშნა დენა უაითმა, რაც ნიშნავს, რომ ორთაბრძოლა „ელ მატადორის“ წარმომადგენლების მიერ წაყენებული მოთხოვნების გამო არ ჩაშლილა.
მოგვიანებით უაითის კომენტარს ილიას მენეჯერი, მალკი კავა გამოეხმაურა და აღნიშნა: „მივიღეთ, რაც გვინდოდა. ერთადერთი ისაა, რომ ისლამთან ჩხუბი მიუწვდომელი ვარიანტი აღმოჩნდა. ვეცადეთ, მაგრამ გვითხრეს, რომ ტრავმირებული იყო.“
როგორც მოგეხსენებათ, თოფურიასა და მახაჩევს განსხვავებული ვერსიები აქვთ იმის შესახებ, თუ რატომ არ ჩაინიშნა მათი ორთაბრძოლა თეთრი სახლის ღონისძიებაზე. ილიამ განაცხადა, რომ დაძინებამდე ჰქონდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ისლამთან უნდა ეჩხუბა, გაღვიძების შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ ჯასტინ გეიჯის ხვდებოდა, რადგან რუსი მებრძოლი ტრავმირებული იყო.
„ელ მატადორს“ მახაჩევმა უპასუხა და განაცხადა, რომ მის მიერ მოგონილი ისტორიებით დაიღალა. ისლამის თქმით, მიზეზი, რის გამოც ორთაბრძოლა არ ჩაინიშნა, ისაა, რომ თოფურიამ დიდი ჰონორარი მოითხოვა.