„კვარაცხელიას მაგია“ | უეფამ ქართველი ფეხბურთელის გოლი გამოარჩია
უეფამ საკუთარ ვებგვერდზე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩების გამორჩეული მომენტები დაასახელა. საუკეთესოთა შორის ხვიჩა კვარაცხელიას გოლიც მოხვდა, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა „ლივერპულს“ გაუტანა.
კვარაცხელიას მაგია პარი სენ-ჟერმენს კონტროლის მოპოვების საშუალებას აძლევს
„ხვიჩა კვარაცხელიას ინდივიდუალური გოლი, რომელიც ლივერპულს გაუტანა, პლეიოფის ეტაპზე მისთვის მეხუთე, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში — მერვე გახლდათ. თუმცა, იყო კი ეს მისი საუკეთესო გოლი?
შეტევაში გაიქცა, დაცვა გაარღვია, რათა ჟოაუ ნევეშის ბრწყინვალე გამჭოლ პასს დახვედროდა, ბურთი მიიღო და საჯარიმო მოედანში სწრაფად შევიდა. რაიან გრავენბერხმა ბურთის წართმევა სცადა, მაგრამ კვარაცხელია მას გაუმკლავდა, წინ გამოსულ გიორგი მამარდაშვილს გასცდა და იერიში მშვიდად დააგვირგვინა.
კვარაცხელიამ ჩელსის როგორც სახლში, ისე სტუმრად გაუტანა. მანამდე მონაკოსთან ჰქონდა გატანილი და შედეგად, პლეიოფის ზედიზედ ოთხ შეხვედრაში გამოიჩინა თავი, რაც პარი სენ-ჟერმენის არც ერთ სხვა ფეხბურთელს გაუკეთებია“, — წერს უეფას ოფიციალური საიტი.
ხვიჩას გოლის გარდა, ჰარი კეინის, კაი ჰავერცისა და ხულიან ალვარესის შედეგიანი დარტყმებიც გამოარჩიეს. კეინმა ლიგაზე მე-11 გოლი გაიტანა და კარიერის საუკეთესო შედეგი გაიმეორა, ჰავერცმა „არსენალს“ მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე მოაგებინა, ხოლო ალვარესმა „ბარსელონას“ კარი ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით აიღო.