Goal-ის ოქროს ბურთის რეიტინგი | რომელ ადგილზეა ხვიჩა ბოლო განახლების შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩების დასრულების შემდეგ Goal-მა „ოქროს ბურთის“ რეიტინგი განაახლა. ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ისაა, რომ ტოპ 20-ში ხვიჩა კვარაცხელიას ვხედავთ, რომელიც შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.
„კვარა“ საუკეთესო ოცეულის ახალი წევრია და Goal-ის რეიტინგში მე-13 ადგილს იკავებს. ქართველი ფეხბურთელი ლიონელ მესის, უსმან დემბელეს, ბრუნო ფერნანდეშს, ფედერიკო ვალვერდეს, კრიშტიანუ რონალდუსა და ლაუტარო მარტინესს უსწრებს.
„თუ ამ დრომდე ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის საუკეთესო ფეხბურთელს დავასახელებდით, ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი აუცილებლად იქნებოდა. კვარაცხელიამ პლეიოფის ხუთ შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა და მათ შორის რამდენიმე განსაცვიფრებელი დარტყმა იყო.
თუმცა მისი სათამაშო ფორმა მთელი სეზონის განმავლობაში ასეთ მაღალ დონეზე არ ყოფილა. საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გასვლამ ოქროს ბურთის რეიტინგში კვარაცხელიას საბოლოო პოზიციას, სავარაუდოდ, ზედა ზღვარი დაუწესა. მიუხედავად ამისა, თუ „კვარადონა“ ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში ბრწყინვალე თამაშის ჩვენებას გააგრძელებს, France Football-ის ტოპ 10-ისგან შორს ნამდვილად არ იქნება“, — წერს Goal-ი.
ცნობილი გამოცემის რეიტინგის სათავეში ჰარი კეინია. მეორე პოზიციას კილიან მბაპე იკავებს. ფრანგი სუპერვარსკვლავის შემდეგ მაიკლ ოლისე, ლამინ იამალი და ლუის დიასი მოდიან. ერლინგ ჰოლანდი მეექვსე ადგილზეა, ხულიან ალვარესი — მეშვიდე, დეკლან რაისი — მერვე, ვიტინია — მეცხრე, ვინისიუს ჟუნიორი — მეათე, რაფინია — მეთერთმეტე, გაბრიელ მაგალაესი — მეთორმეტე.