„ნამდვილი მეომარი! ის თავდადების ეტალონია“ - ფრანგული მედია ხვიჩას თამაშზე
გუშინ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენმა“ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.
პარიზელთა რიგებში, ქართველი შემტევი საუკეთესო იყო. 65-ე წუთზე ხვიჩამ მამარდაშვილის კარში გოლი გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა. მატჩის დასრულების შემდეგ კვარაცხელია საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს, რაც ზედიზედ მესამე ჩემპიონთა ლიგური მატჩში მოხდა. ამასთან, ქართველი შემტევი პსჟ-ს ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პლეი-ოფის ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა.
მატჩის დასრულების შემდეგ ფრანგულმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის თამაში შეაფასა.
რას წერენ სააგენტოები:
Footmercato – 6.5 ქულა: ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა, თუმცა მე-12 წუთზე მეტოქეს უკნიდან ეთამაშა, რის გამოც ჯერ კიდევ შეხვედრის დებიუტშივე შეეძლო გაფრთხილების მიღება. დაცვაში კომპაქტურად განლაგებული მეტოქის წინააღმდეგ, განსაკუთრებული ხიფათი არ შეუქმნია. პირველ ტაიმში მისი ერთადერთი რეალური აქტივობა ორი მოგერიებული დარტყმა იყო (22-ე და 32-ე წუთებზე). თუმცა, ქართველმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნებისმიერ წამს შეუძლია გადამწყვეტი და გენიალური სვლის შესრულება — როგორც ეს 65-ე წუთზე ვიხილეთ, როცა ნევეშის პასის შემდეგ „წითლების“ დაცვაში ბრწყინვალე სლალომი შეასრულა და გოლით ანგარიში 2:0 გახადა. ამის შემდგომ, ის გაცილებით უფრო თვალშისაცემი იყო, მარცხენა ფლანგიდან წამოწყებული კონტრშეტევებითა და პასის შესანიშნავი ხედვით მეტოქეს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
RMCSport – 8 ქულა: დაცვაში ბევრი სირბილი და უნაკლო თავდადება. ქართველისთვის ეს იდეალური საღამო გამოდგა, რომელიც 65-ე წუთზე გატანილი გოლით მნიშვნელოვან შეხვედრაში კიდევ ერთხელ იქცა გადამწყვეტ ფიგურად.
Eurosport - 8 ქულა: ქართველმა თავდაპირველად ორთაბრძოლებში გაიბრწყინა და თავისი ქმედებებით თამაშს სხვა განზომილება შესძინა, რისი ნათელი მაგალითიც მე-17 წუთზე ფრიმპონგის წინააღმდეგ დაცვაში მისი შესანიშნავი ქმედება იყო. მისი ლამაზი დიაგონალური დარტყმა მამარდაშვილმა ეფექტურად მოიგერია (32-ე წუთი). მისმა სისწრაფემ „წითლებს“ ძალიან, ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნა — ისევე, როგორც გოლის ეპიზოდში, როცა მან გრავენბერხის წინააღმდეგობას გაუძლო და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა.
L’Equipe – 7 ქულა: როგორც აჩქარებისას, ისე დაცვაში დაბრუნებისას, ეს იყო ნამდვილი მეომრის მატჩი, სადაც მას თავი საერთოდ არ დაუზოგავს, მიუხედავად იმისა, რომ დისკვალიფიკაციის საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა. მეორე გოლის ეპიზოდში მისი მოქმედებების სერია (გახსნა, აჩქარება, ცრუმოძრაობა) ულამაზესი სანახავი იყო (65-ე წუთი). მის მუდმივ გარღვევებსა და გამწვავებებს კი ანგარიში 2:0 ჯერ კიდევ ოდნავ ადრე უნდა მოეტანა (53-ე წუთი).
Le Parisien – 7.5 ქულა: ქართველმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გაცილებით უკეთესია, როდესაც თამაშს მარცხენა ფლანგიდან იწყებს. მას შემდეგ, რაც მისი პირველი დარტყმა მამარდაშვილმა გაჭირვებით მოიგერია (33-ე წუთი), დუესა (42-ე წუთი) და მენდეშის (54-ე წუთი) მიმართულებით კი სწრაფი კონტრშეტევები წამოიწყო, მან ინგლისელთა დაცვა „ააცეკვა“ და ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა (2:0, 65-ე წუთი). მთელი მატჩის განმავლობაში ის გუნდურობისა და მოედანზე თავდადების ნამდვილ ეტალონს წარმოადგენდა.
შგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ლივერპულის“ საპასუხო დაპირისპირება „ენფილდზე“, 14 აპრილს გაიმართება და საქართველოს დროით 23:00 საათიდან დაიწყება.