რომან დოლიძე დაქვეითდა | კავკასიელი ისევ ტოპ 15-შია
რომან დოლიძემ ბოლო ორთაბრძოლა კრისტიან ლიროი დანკანის წინააღმდეგ გამართა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. „კავკასიელი“ საშუალო წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-11 ადგილს იკავებდა და წაგების შემდეგ დაქვეითებას ვერ გადაურჩა.
UFC-ის განახლებულ რეიტინგში დოლიძე კვლავინდებურად ტოპ 15-შია. რომანმა 4 საფეხურით უკან დაიხია და მე-15 ადგილზე იმყოფება. ლიროი დანკანი საუკეთესო თხუთმეტეულში შევიდა და მე-12 პოზიცია დაიკავა, ხოლო გრეგორი როდრიგესი მე-11 ადგილზე გადავიდა.
UFC-ის ბოლო ღონისძიების მთავარი მოვლენა ლერონ მერფისა და მოვსარ ევლოევის დაპირისპირება იყო. ევლოევმა მსაჯების უმრავლესობის გადაწყვეტილებით გაიმარჯვა, თუმცა ქვემსუბუქ წონით დივიზიონში არაფერი შეცვლილა. მოვსარი კვლავინდებურად პირველი ნომერია, მერფი — მესამე.
მაიკლ პეიჯი ერთი ადგილით დაწინაურდა და ქვესაშუალო წონაში მე-12 ადგილზე გადავიდა. „ვენომმა“ უროს მედიჩს გადაასწრო. ქალთა pound-for-pound რეიტინგში მანონ ფიორომ მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, ტატიანა სუარესმა კი — მეათეზე.