ველოსიპედით გადარჩენილი ასობით სიცოცხლე - ჯინო ბარტალის ისტორია
Aa
Aa

ველოსიპედით გადარჩენილი ასობით სიცოცხლე - ჯინო ბარტალის ისტორია

ჯინო ბარტალი ელოსპორტის ოქროს ხანის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტსმენია. უბრალო ტოსკანელი ბიჭი არამხოლოდ სპორტული, არამედ ქვეყნის კულტურული სიმბოლო გახდა. მეორე მსოფლიო ომის წლებში, ის ნამდვილ გმირად იქცა, თუმცა მისი გმირობის შესახებ მხოლოდ 2000 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი.

ტიპურ სამხრეთიტალიურ ოჯახში გაზრდილი, ღრმად მორწმუნე კათოლიკე ჯინო ბარტალი არაჩვეულებრივი ნიჭით დაჯილდოებული ველომრბოლელი იყო: 22 წლის ასაკში, მან პირველი „ჯირო დ’იტალია“ მოიგო.

1940 წლისთვის, მას უკვე 8 მსხვილი რბოლა ჰქონდა მოგებული და ომამდელი პერიოდის ყველაზე თვალსაჩინო იტალიელი ველომრბოლელი გახდა. ჯინოს „მთების გიგანტს“ უწოდებდნენ — მთიან ტრასებზე მას ბადალი არ ჰყავდა.

ომის პერიოდში რბოლები, რა თქმა უნდა, აღარ ტარდებოდა, თუმცა ჯინოს საერთაშორისო აღიარებას უკვე მისი ცხოვრების კიდევ ერთმა უმთავრესმა საქმემ შეუწყო ხელი — კერძოდ, ებრაელების გადარჩენამ და წინააღმდეგობის მოძრაობის დახმარებამ.

ვინაიდან მისი, როგორც პროფესიონალი ველომრბოლელის სამუშაო მრავალკილომეტრიან სავარჯიშო რბოლებს გულისხმობდა, ბარტალი განუწყვეტლივ დაქროდა მთელ იტალიაში, ქალაქიდან ქალაქში — რომის, ფლორენციის, ლუკას, გენუას, ტოსკანისა და უმბრიის გზებზე.

ჯინო ბარტალი

თუმცა ის ცარიელი არ დაქროდა: მისი ველოსიპედის ჩარჩო და სავარძლის ქვედა ნაწილი სავსე იყო ეპისკოპოსების საიდუმლო წერილებით მღვდლებისა და მრევლისადმი, ყალბი მოწმობებით, ფოტოებით, ბეჭდებითა და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც ებრაელებს ნაცისტებისგან დამალვაში და წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზებაში ეხმარებოდა.

ზოგიერთი ასეთი რბოლა გუნდური იყო, თუმცა სპორტსმენებიდან მის საქმიანობაზე ეჭვიც კი არავის ჰქონდა. ხანდახან მას ველოსიპედზე პატარა მისაბმელიც კი ჰქონდა მიბმული, რომელსაც საიდუმლო განყოფილება ჰქონდა. ის ამას იმით ხსნიდა, რომ მისაბმელი ვარჯიშისთვის სჭირდებოდა.

ჯინო ყოველთვის ატარებდა სავარჯიშო სვიტერს, რომელზეც მისი სახელი იყო ამოქარგული. გარკვეულ დრომდე ყველაფერი მშვიდობიანად მიდიოდა: არც იტალიური ფაშისტური პატრულები და არც გერმანელები, როგორც წესი, ცნობილი ველომრბოლელის გაჩხრეკას ვერ ბედავდნენ. თუმცა რისკი ყოველთვის არსებობდა. ერთხელ, გენუასკენ მიმავალ გზაზე, ის გერმანულმა პატრულმა გააჩერა — ავტოგრაფის გამოსართმევად. მაგრამ ოფიცერმა მაინც გადაწყვიტა მისი ველოსიპედის შემოწმება. ამჯერად, ისევე როგორც სხვა მრავალ შემთხვევაში, ბარტალიმ სთხოვა, არ შეხებოდნენ მის ველოსიპედს, რადგან მისი ყველა ნაწილი საგულდაგულოდ იყო მორგებული მომავალი შეჯიბრებებისთვის.

ბარტალი აქტიურად ეხმარებოდა „ებრაელი ემიგრანტების დახმარების დელეგაციას“ — ორგანიზაციას, რომელმაც 800 ებრაელის გადარჩენა შეძლო.

ჯინო ბევრჯერ ჩადიოდა ასიზიშიც, სადაც ადგილობრივი პატარა ანტიკვარული მაღაზიის მფლობელები— მამა-შვილმა ბრიციები, ებრაელებისთვის ყალბ დოკუმენტებს ბეჭდავდნენ და სადაც მრავალი ებრაელი ადგილობრივ მონასტრებში იმალებოდა. ბარტალი არამხოლოდ დოკუმენტებს გადასცემდა, არამედ პერიოდულად ახერხებდა მოსალოდნელი დარბევების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასაც. ამასთან, ჯინო უშუალოდ იყო ჩართული ასიზელი ებრაელების გადარჩენის საქმეში.

თუმცა საქმე მხოლოდ მეკავშირის როლითა და ველოსიპედით არ შემოიფარგლებოდა. 1943 წელს, რადგან მთის გზებს კარგად იცნობდა, მან პირადად გადაიყვანა ებრაელი ლტოლვილების ჯგუფი შვეიცარიის ალპების გავლით. 1943 წლის სექტემბერში კი, ბარტალიმ თავისი სახლის სარდაფში, ფლორენციელი გოლდენბერგების ოჯახი დამალა.

ომი დასრულების შემდეგ, ჯინომ პროფესიონალი ველომრბოლელის კარიერა განაგრძო. ის 1954 წლამდე ასპარეზობდა და კვლავინდებურად იკავებდა პირველ და საპრიზო ადგილებს ყველაზე პრესტიჟულ რბოლებში. ის ისევ უძლეველ„მთების მეფედ“ რჩებოდა.

მისი 1948 წლის რეკორდი „ტურ დე ფრანსზე“, როდესაც მან ზედიზედ სამი მთის ეტაპი მოიგო, მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ, 1999 წელს გააუმჯობესეს.

ჯინო ბარტალი

ამავე პერიოდში იტალიელი კომუნისტების ლიდერ,  პალმირო ტოლიატი ანტიკომუნისტმა სტუდენტმა მძიმედ დაჭრა. ვითარება ქვეყანაში უკიდურესად დაიძაბა, გაჩნდა სამოქალაქო ომის რეალური საფრთხე. გაყოფილი პარლამენტი დუღდა.

როგორც ბარტალის ნეკროლოგშია მოთხრობილი, სწორედ ამ დროს ერთ-ერთი დეპუტატი სხდომათა დარბაზში შევარდა და დაიყვირა: „ბარტალიმ ტურ დე ფრანსი მოიგო!“. დავა-კამათი მაშინვე შეწყდა, დაპირისპირებულმა პოლიტიკოსებმა ტაში დასცხეს და ერთმანეთს გამარჯვება მიულოცეს.

წერენ იმასაც, რომ ტოლიატი მოულოდნელად გამოვიდა კომიდან, იკითხა, როგორ ჩაიარა რბოლამ და თანამებრძოლებს სთხოვა, თავშეკავებულად მოქცეულიყვნენ. საყოველთაო ზეიმის ფონზე პოლიტიკური მტრობა ყველამ დაივიწყა.

ჯინო ბარტალი 2000 წლის მაისში, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ისე, რომ ომისდროინდელ თავის საქმიანობაზე არაფერი უთქვამს. მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინა ოჯახმა დღიურები, წერილები და დოკუმენტები.

ამასთან, იმ ოჯახების შვილებმა და შვილიშვილებმა, რომლებიც ბარტალიმ იხსნა, თავიანთი ისტორიების გაზიარება დაიწყეს. შემდეგ გასაჯაროვდა ფოტოები, ყალბი დოკუმენტები და იმ მოხუცი თანამებრძოლების მოგონებები, რომლებიც მასთან საიდუმლოდ თანამშრომლობდნენ.

ჯინო ბარტალიმ დაამტკიცა ის, რაც მსოფლიოს მუდამ უნდა ახსოვდეს: გმირობა ყოველთვის ხმამაღალი როდია. ხანდახან ეს არის უბრალოდ კაცი ველოსიპედით, რომელიც მტრის ტერიტორიაზე გადაადგილდება ფოლადის ცარიელ მილებში დამალული დოკუმენტებით და მიქრის არა საკუთარი დიდებისთვის, არამედ კაცობრიობის გადასარჩენად.

ჯინო ბარტალი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წითელი ბარათი 2 წამში და 149 გოლი 1 მატჩში - 17 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახებ
წითელი ბარათი 2 წამში და 149 გოლი 1 მატჩში - 17 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახებ