ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მადლობა, საქართველო!“ | Le Parisien კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა

ხვიჩა კვარაცხელიამ „ნანტის“ წინააღმდეგ დუბლი გაიფორმა და ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცემებს მისი თამაში უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ. L’Equipe-მა „კვარას“ საინტერესო სტატია მიუძღვნა და ქართველ ფეხბურთელზე Le Parisien-მაც დაწერა.

მადლობა, საქართველო!

„რაგბის გულშემატკივრებს საქართველო ყოველთვის გვაოცებდა. როგორ მოახერხა ამ პატარა ქვეყანამ, რომლის მოსახლეობა 4 მილიონიც კი არ არის, „შეექმნა“ ამდენი მორაგბე, რომლებიც ბოლო 30 წელია ტოპ 14-ის კლუბებში თამაშობენ და სიამოვნებას გვანიჭებენ? გორგოძე, შველიძე, ზირაქაშვილი... მებრძოლი, ძლიერი და მტკიცე მოთამაშეები — ნამდვილი მეომრები. ისინი გამოირჩევიან განსაკუთრებული სულით, რომელიც ამ კავკასიურ ერს საუკუნეების განმავლობაში იმპერიული ძალების წინააღმდეგ ბრძოლით ჩამოუყალიბდა.

ყველა მათგანის გვარი -შვილი-ზე ან -ძე-ზე მთავრდებოდა, რასაც შევეჩვიეთ, თუმცა შემდეგ გამოჩნდა ქართველი, რომლის გვარიც მიგვანიშნებდა, რომ სხვებისგან განსხვავებული იყო. ბიჭი ჩამოწეული საფეხბურთო წინდებითა და ისეთი სათამაშო სტილით, თითქოს 1970-იანი წლებიდან მომავალში გადმოვიდა. ბიჭი, რომელიც კლასით, ფიზიკურობითა და ძალით უდავოდ თანამედროვე ფეხბურთელი გახლავთ.

მისი სახელი და გვარი ხვიჩა კვარაცხელიაა. თავიდან, ცოტათი შევრცხვით, რადგან ინტერნეტის დახმარება დაგვჭირდა, რომ მისი სახელი და გვარი სწორად წარმოგვეთქვა. შემდეგ, სხვების მსგავსად, ჩვენც „კვარა“-ს გამოყენება დავიწყეთ, ნეაპოლელებმა კი მის მეტსახელს „დონა“ დაუმატეს და ის თავიანთ ისტორიაში ალბათ საუკეთესო ფეხბურთელს, დიეგო მარადონას, მიამსგავსეს.

ოთხშაბათის საღამოს კვარამ საოცარი უნარებითა და ტექნიკით კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რატომ არის სხვებისგან გამორჩეული ფეხბურთელი. ნამდვილი არტისტი, რომლის შედევრებიც ჩვენი გაოცებული თვალების წინ კვირიდან კვირამდე იქმნება. ამიტომაც — როგორც მისთვის, ისე ქართველი მორაგბეებისთვის, მადლობა, საქართველო!“, — წერს Le Parisien.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ქართველ გარემარბს 16 გოლი აქვს გატანილი, რაც უსმან დემბელესთან ერთად პსჟ-ში საუკეთესო შედეგია. „კვარა“ და დემბელე პირველ ადგილს იყოფენ საგოლე მოქმედებების მხრივაც. ხვიჩასა და უსმანს 25-25 საგოლე მოქმედება აქვთ — 16 გოლი და 9 ასისტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაფერი აქვს, რომ სტანისიჩი გააწამოს“ | L'Equipe კვარას თამაშს ეხმაურება
„ყველაფერი აქვს, რომ სტანისიჩი გააწამოს“ | L'Equipe კვარას თამაშს ეხმაურება