სივაკოვი: ''ვიმედოვნებ, უკრაინელების ტანჯვა დასრულდება''
24 წლის ველომრბოლელმა პაველ სივაკოვმა რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენცია გააკრიტიკა. მან რუსეთის მხარეს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
''როგორც ადრე ვთქვი, ომის წინააღმდეგი ვარ. ჩემი ფიქრები უკრაინელ ხალხთანაა. ასე ფიქრობს მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი. იმედი მაქვს, მშვიდობა დაისადგურებს და უკრაინაში ხალხის ტანჯვა დასრულდება''.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციის გამო პაველ სივაკოვმა რუსეთის სახელით გამოსვლაზე უარი თქვა, ის საფრანგეთის სახელით იასპარეზებს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა. მას შემდეგ უკრაინაში ინტერვენცია გრძელდება. რუსეთის მიერ დაწყებული დიდი ბოროტების წინააღმდეგ ცივილიზებული სამყარო გაერთიანდა, სანქციებმა რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა დაამძიმა, თუმცა პუტინი საომარი მოქმედებების შეწყვეტას არ აპირებს, რუსების მიერ უკრაინაში ბოროტება გრძელდება.