''თითქოს მშვიდობიან მოსახლეობას ჩვენ ვხოცავთ, ფეხბურთელებს რა შეგვიძლია?''
რუსული საფეხბურთო კლუბის, ''სკა-ხაბაროვსკის'' ფეხბურთელმა ირაკლი კვეკვესკირმა CrystalSport-თან კომენტარში აღნიშნა, რომ რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებს ვითარების განმუხტვის შესაძლებლობა არ აქვთ. კვეკვესკირის კომენტარი მიკოლენკოს მიმართვას ეხმაურება, ''ევერტონის'' ფეხბურთელმა ძიუბასთან მიმართვაში აღნიშნა, რომ როცა ის ჩუმადაა, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ.
ირაკლი კვეკვესკირის კომენტარი:
''მიკოლენკოს სიტყვები პროვოკაციული იყო, თვითონ ლონდონში თბილად ზის. შეუძლია წამოვიდეს და ავტომატი აიღოს. მან რუსეთში მოთამაშე ყველა ფეხბურთელი ისე გამოგვიყვანა, რომ თითქოს მშვიდობიან მოსახლეობას ჩვენ ვხოცავთ.
როცა რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებს ხმის ამოღებას თხოვენ, ჩვენ რა შეგვიძლია, ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია? თუნდაც ძიუბას, რა შეუძლია?
მაგალითად, სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას თხოვენ, რომ ხმა ამოიღოს, მაგრამ მას რა შეუძლია?
ქართველად დავიბადე და ქართველად მოვკვდები, ხალხი არ მოატყუონ, რომ რუსი ფეხბურთელი ვარ. არავისზე ნაკლებად მიყვარს ჩემი სამშობლო. მხარს ვუჭერ ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს. ჩემი პოლიტიკა ჩემი ქვეყნის სიყვარულია“
შეგახსენებთ, ''ევერტონის'' ფეხბურთელმა ვიტალი მიკოლენკომ Instagram-ის ''სთორიზე'' არტიომ ძიუბასა და მისი რუსი თანაგუნდელების მისამართით, უკრაინაში განხორციელებულ ინტერვენციასთან დაკავშირებით, დაწერა.
''შე ბ*ზო სანამ ჩუმად რჩები შენს მდაბიო თანაგუნდელებთან ერთად, მშვიდობიან მოსახლეობას კლავენ უკრაინაში. ცხოვრების დარჩენილ ნაწილს მიწისქვეშ გაატარებ შენს შვილებთა ერთად. მე ამით კმაყოფილი ვიქნები. არასოდეს გაპატიებთ ''ქათმებო''.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა. მას შემდეგ უკრაინაში ინტერვენცია გრძელდება. რუსეთის მიერ დაწყებული დიდი ბოროტების წინააღმდეგ ცივილიზებული სამყარო გაერთიანდა, რამაც რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა დაამძიმა, თუმცა პუტინი საომარი მოქმედებების შეწყვეტას არ აპირებს, რუსების მიერ უკრაინაში ბოროტება გრძელდება.
„ზენიტის“ თავდამსხმელმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და მიკოლენკოს უპასუხა.
ძიუბა:
„ბოლო დრომდე არ მინდოდა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საუბარი. მე არ მინდოდა, არა იმიტომ, რომ მეშინია, არამედ იმიტომ, რომ არ ვარ პოლიტიკის ექსპერტი. არასდროს ჩავრეულვარ და არც ვაპირებდი, (განსხვავებით პოლიტოლოგებისა და ვირუსოლოგების დიდი ნაწილისგან, რომლებიც ახლახან გამოჩნდნენ ინტერნეტში). მაგრამ როგორც ყველას, მეც ჩემი აზრი მაქვს.
ომი საშინელებაა, მაგრამ შოკირებული ვარ ადამიანების აგრესიით და სიძულვილით, რომელიც ყოველ დღე რაღაც ტრანსცენდენტურ პროპორციებს იძენს. ეროვნების თვალსაზრისით მე დისკრიმინაციის წინააღმდეგი ვარ. არ მრცხვენია, რომ რუსი ვარ. პირიქით - ვამაყობ, რომ რუსი ვარ და არ მესმის რატომ უნდა იტანჯებოდნენ ახლა სპორტსმენები.
ორმაგი სტანდარტების წინააღმდეგი ვარ. რატომ შეუძლია ერთს თქვას ყველაფერი და მეორემ ძაღლივით უნდა იყეფოს? პოლიტიკას და სპორტს ყველა მიჯნავს, მაგრამ, როდესაც საქმე რუსეთს ეხება ყველაფერი იცვლება. ვიმეორებ, ომი საშინელებაა.. სტრესულ სიტუაციებში ადამიანები საკუთარ არსს აჩვენებენ, ზოგჯერ უარყოფითს. რამდენი ბრაზი და ჭუჭყი დაიღვარა რუსი ხალხის მიმართ განურჩევლად პროფესიისა და თანამდებობისა. ის ადამიანები, რომლებიც შეურაცხყოფას მაყენებთ - რიგში ჩადექით!
ორმაგად უცნაურია ამ ყველაფრის მოსმენა ადამიანებისგან, რომლებსაც რუსეთმა ძალიან, ძალიან ბევრი მისცა ცხოვრებაში. ეს ყველაფერი მხოლოდ მეტ ნეგატივს ქმნის. ომი დასრულდება, მაგრამ ადამიანური ურთიერთობები დარჩება. ამ ყველაფრის შეცვლა კი შეუძლებელი იქნება. დაიმახსოვრე ეს!
და ბოლოს, მსურს ჩემს კოლეგებს მივმართო, რომლებიც ინგლისში სახლში ზიხართ და საზიზღარ რაღაცებს ამბობთ. ჩვენ ამით შეურაცხყოფას ვერ მოგვაყენებთ. ჩვენ ყველაფერი გვესმის! მშვიდობა და სიკეთე ყველას.“!