მადრიდში პორტუგალიასთან - ბორჯღალოსნების მეტოქე გაირკვა
საქართველოს ეროვნულმა გუნდმა დღეს ავჭალის სტადიონზე რუმინელების 23-ქულიანი სხვაობით დამარცხებით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში თამაშის უფლება კიდევ ერთხელ მოიპოვა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის მეტოქე რამდენიმე წუთის წინ გაირკვა. არსებობდა იმის შესაძლებლობა, რომ ფინალში ესპანეთი მასპინძლის ამპლუაში ყოფილიყო, რადგან გადამწყვეტი მატჩის მასპინძელი ქალაქი მადრიდია, თუმცა ესპანელებმა ლისაბონში პორტუგალიელებს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, 7:26 დამარცხდნენ და ტიტულისთვის ქართველი მორაგბეები სწორედ პორტუგალიელებთან იბრძოლებენ.
პორტუგალიელებმა ესპანელებს ორივე ტაიმში აჯობეს. შესვენებამდე ლუზიტანებმა ერთი ლელო დადეს, რომელიც ზუსტად გარდასახეს და კიდევ ექვსი ქულა ორი საჯარიმოს გატანით დააგროვეს, რის წყალობითაც შესვენებაზე 13-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მეორე ნახევრის დასაწყისში მასპინძლებმა კიდევ ერთხელ აიღეს სტუმართა ჩათვლის მოედანი, ზუსტადაც დაარტყეს გარდასახვა და გამარჯვებულის შესახებ ყოველგვარი კითხვის ნიშნები მოიხსნა. ესპანელებმა მხოლოდ ერთი ლელო დადეს და მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-პორტუგალიის ფინალი 15 მარტს, მადრიდში გაიმართება და თბილისის დროით 21:45 წუთზე დაიწყება. ბოლოს ეს გუნდები 2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე შეხვდნენ და ბორჯღალოსნებმა 36:10 გაიმარჯვეს.