„ასეთი იტალიის დამარცხება სასწაულის ტოლფასი იქნება“ - ამაშუკელის შეფასება
ნიკა ამაშუკელი რაგბიში არამხოლოდ საქართველოს საუკეთესო მსაჯია, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავის პროფესიაში გამორჩეულია, რაზეც ის ნდობაც კარგად მეტყველებს, რომელსაც მას მსოფლიო რაგბის, თუ ექვსი ერის ხელმძღვანელები ბოლო პერიოდში უცხადებენ. ნიკამ გუშინ ირლანდია-უელსის (27:17) შეხვედრაში არბიტრის ასისტენტის ფუნქციები შეითავსა, 14 მარტს კი გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება და საფრანგეთი - ინგლისის მატჩის მთავარი მსაჯი იქნება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამაშუკელი ამ უდიდეს დაპირისპირებას შარშანაც გაუძღვა და მსგავსი პატივი კარიერაში ზედიზედ მეორედ ექნება. ამ და სხვა საინტერესო სარაგბო საკითხებზე 31 წლის ქართველმა თემიდის მსახურმა გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას ისაუბრა.
ნიკა ამაშუკელი
წელს ექვსი ერის ხუთი რაუნდიდან, სამში მივიღე მონაწილეობა. უნდა ვაღიარო, საფრანგეთი - ინგლისის შეხვედრის მთავარ არბიტრად თავდაპირველად არ მოვიაზრებოდი და წესით, ამ თამაშის განსჯა საკუთარ თავზე ავსტრალიელ რეფერის უნდა აეღო, თუმცა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო, ის პარიზში ჩასვლას ვერ ახერხებს და მისი შეცვლა მე მომანდეს. გამოდის, რომ „ლე ქრანჩს, რასაც ფრანგებისა და ინგლისელების სარაგბო დუელს უწოდებენ, ზედიზედ მეორედ ვიმსაჯებ. თანაც მათი თამაშების 120-ე წლისთავია და ფრანგები სპეციალური მაისურებით ითამაშებენ, რაც ამ თამაშს დამატებით ელფერს მისცემს.
ბოლო პერიოდში რაგბი აშკარად გადასხვაფერდა და იტალიის ნაკრებმა ამ ყველაფერს ფეხი კარგად აუწყო. „აძურამ“ ჯერ შოტლანდია, ახლახანს კი ინგლისიც დაამარცხა, რის გამოც 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მხრიდან აპენინელების ძლევა სასწაულის ტოლფასი იქნება, რადგან იტალიელებთან მოგება უკვე გრანდებსაც უჭირთ. ჩვენთან შედარებით მათ ბევრი უპირატესობა აქვთ - ეკონომიკა, შუაგულ ევროპაში ყოფნა, მაღალი დონის ტურნირზე თამაში. ეს უპირატესობა დიდი ხანია ჰქონდათ და მათი გამოყენება მხოლოდ ახლა დაიწყეს.
ბევრს უჩნდება პრეტენზიები და კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აღარ არის ქართული შერკინება ძველებურად მაგარი. სიმართლე იცით რაშია? ქართული შერკინება კი არ დასუსტდა, არამედ მსოფლიო რაგბიში შერკინებაში უამრავი კომპონენტი შეიცვალა. 2015 წლის მსოფლიოს თასზე ახალ ზელანდიას რომ მივაწექით და დავჩაგრეთ, ახლა იმდენი კორექტივია შეტანილი შერკინების წესებში, ასე ვეღარავის დავჩაგრავთ.
ცნობისათვის, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2027 წლის მსოფლიოს თასზე ჯგუფში იტალიის, რუმინეთისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებს შეხვდება. იტალიელებმა ბოლო პერიოდში თამაშის ხარისხი აშკარად გამოასწორეს და გუშინ, საკუთარ სტადიონზე ინგლისის (23:18) დამარცხებით ნამდვილი სენსაცია მოახდინეს.