„ფეხზე ვერ ვდგებოდი, ვიჯექი და ასე ვვარჯიშობდი“ | ილიას უცნობი ისტორია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია ცნობილი სტრიმერის, ედინ როსის სტუმარი იყო. „ელ მატადორმა“ UFC-ში გამართული მეორე ბრძოლა გაიხსენა და აქამდე უცნობი ისტორია გაასაჯაროვა.
„UFC-ში მეორე ბრძოლა დეიმონ ჯექსონის წინააღმდეგ გავმართე. ჩხუბამდე რამდენიმე კვირით ადრე ბარძაყის უკანა კუნთი სერიოზულად დავიზიანე, გაწყვეტილი მქონდა. ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ვიჯექი და ასე ვვარჯიშობდი, რადგან ვერ დავრბოდი და ფეხზე დგომაც მიჭირდა.
ოქტაგონში ტრავმირებული შევედი და ვიცოდი, რომ მეტოქე პირველ რაუნდში უნდა დამეფინიშებინა., რათა კომფორტულად ვყოფილიყავი. საბედნიეროდ, სწორედ ასე მოხდა.“
ცნობისთვის, ჯექსონმა და თოფურიამ 2020 წლის დეკემბერში იჩხუბეს. „ელ მატადორმა“ ნოკაუტით გაიმარჯვა და მეტოქე პირველივე რაუნდში დააფინიშა. აღსანიშნავია, რომ ჯექსონამდე ილია იუსეფ ზალალს შეხვდა, რომელსაც მსაჯების გადაწყვეტილებით ერთსულოვანი მოუგო. ამ ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე, თოფურიას კორონავირუსი ჰქონდა და ჩხუბი მაინც მიიღო.