ამერიკელის დანოკაუტების შიში? | გეიჯისა და ილიას ჩხუბის შანსები შემცირდა
ცნობილმა ესპანელმა ჟურნალისტმა, ალვარო კოლმენერომ, საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. კოლმენერომ თეთრი სახლის ღონისძიებაზე ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლის გამართვის ალბათობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში შანსები შემცირდა.
აღნიშნული ღონისძიება აშშ-ის დროით 14 ივნისს გაიმართება და UFC-ისთვის წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. კოლმენეროს მიხედვით, გეიჯისა და თოფურიას ჩხუბი ოფიციალურად ჯერ არ გაფორმებულა, რადგან არსებობს რამდენიმე გეოპოლიტიკური და ეკონომიკური საკითხი, რომლებიც ორთაბრძოლის გამართვას აფერხებს.
„არ ვარ დარწმუნებული, დონალდ ტრამპის მრჩევლებისთვის კომფორტული იყოს ის ფაქტი, რომ თეთრი სახლის ღონისძიებაზე ქართველ-ესპანელმა მებრძოლმა იჩხუბოს. მით უფრო, რომ ეს შექმნის სიტუაციას, რომელშიც ამერიკელი ვარსკვლავის დანოკაუტის შანსი მაღალი იქნება. მათი მიზანია, ამერიკული ინტერესები მაქსიმალურად პოზიტიურად წარმოჩინდეს და სწორედ ამის გარშემო იქნება სტრუქტურა აგებული,“ — აცხადებს კოლმენერო.
ესპანელი ჟურნალისტი დასძენს, რომ თუ ილიამ და გეიჯიმ თეთრი სახლის ღონისძიებაზე ვერ იჩხუბეს, მათი ორთაბრძოლა ივნისის ბოლოს, International Fight Week-ის დროს გაიმართება. როგორც მოგეხსენებათ, გეიჯი მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ჩემპიონია, „ელ მატადორი“ კი მოქმედი ჩემპიონი, და მათ აბსოლუტური ჩემპიონის ვინაობა უნდა გამოავლინონ.