რემატჩი 11 წლის შემდეგ | მეივეზერი და პაკიაო სექტემბერში იჩხუბებენ
ფლოიდ მეივეზერი და მენი პაკიაო რინგს უბრუნდებიან. ლეგენდარული მოკრივეები ორთაბრძოლას გამართავენ და ერთმანეთს სექტემბერში დაუპირისპირდებიან. ეს ინფორმაცია Netflix Sports-მა გაავრცელა და საინტერესო დეტალებიც გაგვიზიარა.
მეივეზერისა და პაკიაოს ჩხუბს ოფიციალური ორთაბრძოლის სტატუსი ექნება, რაც ნიშნავს, რომ წაგების შემთხვევაში „მანი“ დაუმარცხებელი მოკრივე აღარ იქნება. ფლოიდს კარიერაში 50 გამარჯვება და 0 წაგება აქვს; იგი შეეცდება, 51-ე მოგება ნაცნობი მეტოქის წინააღმდეგ მიითვალოს.
პაკიაომ და მეივეზერმა პირველად 2015 წელს იჩხუბეს. მათი დაპირისპირება „საუკუნის ბრძოლად“ იყო მონათლული და კრივის გულშემატკივრები მას უდიდესი ინტერესით ელოდნენ. მაშინ ფლოიდი 38 წლის იყო, მენი — 36-ის. ამერიკელმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა. რინგზე გასვლის სანაცვლოდ „მანიმ“ 180 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, „პაკმენმა“ კი — 120 მილიონი აშშ დოლარი.
პაკიაოსა და მეივეზერის დაპირისპირება 19 სექტემბერს გაიმართება. მას ლას-ვეგასში მდებარე „სფერო“ (The Sphere) უმასპინძლებს, სადაც მერაბ დვალიშვილმა შონ ომალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.