„ვარჯიში რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ ძალიან გამიჭირდა“ - მამუკელაშვილი Athletic-თან
„ტორონტო რეპტორსის“ ქართველმა ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა, The Athletic-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თავის ტრავმასა და პლეი-ოფების შესახებ ისაუბრა.
სანდრო მამუკელაშვილი:
„დეტროიტთან“ ტრავმის ეპიზოდზე: „დიახ, ძალიან უსიამოვნო ეპიზოდი იყო. შესვენების დროს მდგომარეობა ბევრად, ბევრად გაუარესდა. რამდენჯერმე ვარჯიში ვცადე, მაგრამ ძალიან მიჭირდა“.
პლეი-ოფში თამაშის სურვილზე: „ახალგაზრდა ვარ, თუმცა აქ ჩემზე უმცროსი ბიჭებიც არიან. მათ მხოლოდ ის სურთ, რომ პლეი-ოფის გამოცდილება მიიღონ. მახსოვს, როდესაც „მილუოკიში“ ვიყავი... ეს ჩემი სადებიუტო წელი იყო. ერთ-ერთ მწვრთნელს პლეი-ოფის დროს ვუთხარი: „ვაუ, არ ვიცი, იქ შესვლას თუ შევძლებდი. მგონია, რომ ცოცხლად შემჭამდნენ-მეთქი“. პლეი-ოფში კალათბურთი ფიზიკურია, ის გაყალიბებს და გზრდის. რეგულარულ სეზონში შეგიძლია 82 თამაში ითამაშო, მაგრამ შემდეგ გადახვიდე პლეი-ოფში, ჩაატარო ერთი ან ორი რაუნდი და ეს უფრო მეტ გამოცდილებას მოგცემს, ვიდრე ის 82 თამაში, რადგან პლეი-ოფში თითოეულ ფლობასა და თითოეულ მატჩს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს უბრალოდ საოცარი ატმოსფეროა“.
ისევ ტრავმაზე: „ამაზე ფიქრს მენტალურად ვბლოკავ, არანაირი პრობლემა არ არის. ჩემს თავს ვეუბნები, რომ არაფერი მტკივა და რამდენი წუთიც არ უნდა მომცენ, მოედანზე გავალ და ისე ვითამაშებ, თითქოს ასი პროცენტით ჯანმრთელი ვიყო“.
ცნობისთვის, მამუკელაშვილმა „ტორონტო რეპტორსის“ დღევანდელ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა, რომელშიც მისმა გუნდმა „მილუოკი ბაქსი“ 28 ქულის სხვაობით, 122:94 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა კი 15 ქულა, 4 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
NBA-ს რეგულარულ სეზონში „ტორონტოს“ 34 მოგება და 23 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. „რეპტორსი“ მომდევნო შეხვედრას მოქმედი ჩემპიონის, „ოკლაჰომა სითი თანდერის“ წინააღმდეგ, 25 თებერვალს საშინაო არენაზე გამართავს.