მონაწილეთა რაოდენობა იზრდება - სიახლე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე
ფიფა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობის 32-დან 48-მდე გაზრდას გეგმავს. ინიციატივას მხარს უჭერს უეფაც, რადგან მსგავსი გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ ტურნირზე უფრო მეტმა ევროპულმა გრანდმა იასპარეზოს. ავტორიტეტული გამოცემა The Guardian-ის ცნობით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ წინა გათამაშების მიღმა ისეთი გრანდები დარჩნენ, როგორებიც „ლივერპული“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“ არიან და ამ ფაქტის გამოსწორებას სწორედ ჩემპიონატის მასშტაბურობის გაზრდით აპირებს.
მონაწილეთა რაოდენობის გაზრდის გარდა, უეფას ფიფას სთავაზობს ოთხწლიანი ინტერვალის ნაცვლად, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ორ წელიწადში ერთხელ ჩაატაროს, რაც ევროპული გრანდების ინტერესს ამ ტურნირის მიმართ ერთიორად გაზრდის. უკვე გადაწყვეტილია, რომ მომდევნო შეჯიბრება 2029 წელს უნდა გაიმართოს, მასპინძლობის მთავარ კანდიდატებად კი ესპანეთი და მაროკო სახელდებიან, რომელთათვისაც ეს ტურნირი 2030 წლის მუნდიალის ერთგვარ გენერალურ რეპეტიციად მიიჩნევა.
შეგახსენებთ, რომ ფიფას საკლუბო ჩემპიონატის პირველი გათამაშება „ჩელსის“ გამარჯვებით დასრულდა და საპრიზო თანხის სახით ლონდონის კლუბმა 85 მილიონი ფუნტი მიიღო.